Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ არსებობს დეზინფორმაციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება - TI-ის კვლევა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელება, სახელმწიფოს მიდგომა და ბრძოლის გზები. TI-ის კვლევის მიხედვით, დეზინფორმაციასთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეფექტურად არ მიმდინარეობს და არ არსებობს ამ პრობლემის მოგვარების პოლიტიკური ნებაც.

არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში შექმნილია სამსახურები, რომლებიც დეზინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობენ, კვლავაც პრობლემად რჩება სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გამოწვევის ზუსტი ანალიზი, უწყებათშორისი კოორდინაცია და კონკრეტული სახელმწიფო ქმედებების ეფექტიანობა.

"სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობისა და მისი ფრაგმენტულობიდან გამომდინარე, რთულია ერთიანი სურათის დანახვა, რა გზებით იბრძვის ხელისუფლება დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ხშირ შემთხვევაში მათი ქმედებები ფორმალურია ან იმართება მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგით", - ვკითხულობთ ორგანიზაციის კვლევაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სახელისუფლებო უწყებები არ არიან ეფექტიანები რუსული დეზინფორმაციის ნარატივების წინააღმდეგ ხალხის დროული ინფორმირებისა და მისი მავნე გავლენის შემსუბუქების კუთხით.

მათივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური, მადისკრედიტებელი და დეზინფორმაციული განცხადებები დასავლელი პარტნიორების, ელჩების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ მოსახლეობაში თესავს სკეპტიციზმს დასავლეთის მიმართ, ყოფს საზოგადოებას და აძლიერებს რუსული დეზინფორმაციის გავლენებს ქვეყანაში.

"მმართველი პარტია სოციალურ ქსელებში არაავთენტური ანგარიშების თუ ყალბი გვერდების მეშვეობით მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას ოპონენტების, კრიტიკული მედიისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ".

"ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტების ნაწილი განსაახლებელია ან შესაქმნელია იმგვარად, რომ ადეკვატურად პასუხობდეს დეზიფორმაციის მზარდ პრობლემას. მათ შორის, არ არსებობს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, განსაახლებელია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია.

პარლამენტში დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან საბრძოლველად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ 2020 წელს სახელმწიფო უწყებებისთვის გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ შესრულებულა", - ნათქვამია დოკუმენტში.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, არ თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან, რომლებიც დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით მისი მთავარი მოკავშირეები უნდა იყვნენ.

ხაზგასმულია ისიც, რომ არასაკმარისია მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები არასაკმარისია.

კვლევის მიხედვით, ანტიდასავლური პროპაგანდა ძირითადად გაჯერებულია რუსული პროპაგანდის ნარატივებით. საქართველოში რუსული დეზინფორმაცია, ძირითადად, ქართულ ენაზე ვრცელდება და მისი გამავრცელებელი არიან პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიები, ულტრამემარჯვენე ჯგუფები, სასულიერო პირები. ასევე, სოციალური ქსელებში არსებული ყალბი გვერდები და ანგარიშები.

"უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციასთან ერთად, სამწუხაროდ, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" და მასთან დაკავშირებული სუბიექტები აქტიურად არიან ჩართული ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებაში, მათი მთავარი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და არასამთავრობო სექტორია", - აღნიშნულია კვლევაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დაკვირვებით, ხელისუფლება რიგ შემთხვევებში ერიდება დასავლეთის პირდაპირ კრიტიკას, ის აკეთებს განცხადებას მინიშნებებით, რასაც შემდეგ პროსახელისუფლებო ტელევიზიები ("იმედი", "პოსტვ"), პროსახელისუფლებო ექსპერტები, სოციალურ ქსელში მოქმედი სახელისუფლებო გვერდები და ყალბი ანგარიშები და საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" ღიად ავრცელებენ.

"ქართული ოცნების" მადისკრედიტებელი, დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატებია. ძირითადი ნარატივები მოიცავს შემდეგ გზავნილებს: აშშ-ს საქართველოს ომში ჩაბმა სურს და აშშ-დან წამოსული დაფინანსება საქართველოში აგენტურული ქსელის შექმნას ისახავს მიზნად. ხელისუფლების დეზინფორმაციის კიდევ ერთი ტალღა ევროკავშირს მიემართება. ევროკავშირის წინააღმდეგ გავრცელებული ძირითადი ნარატივებია: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს საქართველოს იმიტომ არ აძლევენ, რომ უკრაინის ომში არჩართვის გამო სჯიან და ევროკავშირს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს", - ვკითხულობთ კვლევაში.

დოკუმენტში საუბარია ასევე ევროპარლამენტარების მიმართ ხელისუფლების კრიტიკაზე, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო სექტორზე თავდასხმაზე.

"ბოლო პერიოდში არასამთავრობოების წინააღმდეგ გავრცელებული ნარატივებია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან უცხოური აგენტური ქსელის ნაწილი და მათი საქმიანობა მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ, არიან "მდიდრები" და მათი ხარჯები გაუმჭვირვალეა, სურთ საქართველოს ომში ჩათრევა", - ნათქვამია კვლევაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანა დღემდე არის რუსეთის დეზინფორმაციის და ჰიბრიდული ომის სამიზნე. ჰიბრიდული ომი კი არის პროპაგანდა, სიცრუეში შეყვანა, საბოტაჟი და სხვა არასაომარი მოქმედებები, რომელიც მოწინააღმდეგის დესტაბილიზაციის მიზნით გამოიყენება.

სრულად "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის გაცნობა, შესაძლებელია აქ.

XS
SM
MD
LG