Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოდოლიაკი კობახიძეს ურჩევს, ომზე კომენტარები არ გააკეთოს


მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი
მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას და თქვა, რომ ქართული მხარე უნდა შეეცადოს და ომზე კომენტარები არ გააკეთოს.

პოდოლიაკის განცხადებით, უკეთესი იქნება, თუ საქართველო ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს, რაც თავად საქართველოსთვის იქნება სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი:

"რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს. სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“. სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა. ჩვენ ერთი წელია ომში ვართ და რუსეთს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. რუსეთი გაჭიანურებულად იბრძვის მოკლე მანძილებზე და ვერ ახერხებს ნახევარ კილომეტრზე ან კილომეტრზე მეტ წინსვლას. საკითხავია, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ", - განაცხადა პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

9 თებერვალს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ომში ჩართვის მიმართ "მანკიერი სურვილი" იზრდება, რადგან უკრაინასთან ომში "ამ ეტეპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს". მისივე სიტყვებით, ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო.

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე საჯაროდ და არასაჯაროდ მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. მან „ქართულ ოცნებას“ „ჰუმანიტარული პრინციპებით“ მოქმედებისკენ მოუწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG