ნიდერლანდი და დანია უკრაინას საკუთარი მარაგიდან არ მიაწვდიან Leopard 2 ტიპის ტანკებს. ამ ქვეყნების მთავრობებმა გადახედეს თავიანთ გადაწყვეტილებას კიევისთვის თანამედროვე სამხედრო მანქანების გადაცემის თაობაზე. ამის შესახებ 15 თებერვალს იტყობინება გერმანული გაზეთი Die Welt-ი ნიდერლანდისა და დანიის მთავრობებზე დაყრდნობით.
ნიდერლანდი აპირებდა უკრაინისთვის 18 Leopard 2-ის გადაცემას, რომლებიც გერმანიისგან ლიზინგით ჰქონდა აღებული და რომლებიც გერმანია-ნიდერლანდის ბატალიონში გამოიყენება. Die Welt-ის მოთხოვნაზე პასუხად ნიდერლანდის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვერ შეძლებენ უკრაინისთვის ტანკების გადაცემას. დანიის მთავრობაში Die Welt-ის წყაროებმა ასევე თქვეს, რომ კოპენჰაგენი უკრაინას ვერ გადასცემს Leopard-ებს საკუთარი მარაგიდან.
Die Welt-ის თანახმად, კომპენსაციის სახით, ნიდერლანდი და დანია საკუთარ თავზე აიღებენ ხარჯებს 100 Leopard 1-ის სარემონტოდ, რომლების გადაცემასაც აპირებს გერმანია უკრაინისთვის.
გაზეთი იტყობინება, რომ კიევისთვის Leopard 2-ების გადაცემაზე უარს ამბობენ შვედეთი და ფინეთიც. ეს ქვეყნები ნატოში გაწევრიანებას ელოდებიან და ტექნიკას გაგზავნიან მას შემდეგ, რაც ალიანსის წევრები გახდებიან.
იანვარში აშშ-მა გამოაცხადა, რომ მზად არის, უკრაინას მიაწოდოს 31 ამერიკული ტანკი Abrams-ი, გერმანიამ კი განაცხადა, რომ კიევს გადასცემს 14 ერთეულ Leopard 2-ს საკუთარი მარაგიდან, ასევე სხვა ქვეყნებს დართავს უკრაინისთვის მათი მიწოდების ნებას.
უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემის მზადყოფნა ადრე გამოთქვეს პოლონეთმა, ნიდერლანდმა და ესპანეთმა, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ ახერხებდნენ ტანკების მწარმოებელი ქვეყნისგან, გერმანიისგან ნებართვის გარეშე. ამგვარად კიევმა შეიძლება მიიღოს მინიმუმ 112 ერთეული გერმანული ტანკი. როგორც მოელიან, ეს ორი-სამი თვის განმავლობაში მოხდება. კიევმა და ბერლინმა განაცხადეს, რომ ტანკები არ იქნება გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე მისი იმ საზღვრების ფარგლებში, რომლებიც ოფიციალურად არის აღიარებული მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. ტექნიკას გამოიყენებენ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის გასათავისუფლებლად.