ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ზანდა უბილავას. დაცვის მხარე 80 ათასი ლარის ოდენობის გირაოს დაკისრებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, დაკავებული მკვლელობის მომენტში მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რაზეც მტკიცებულებებიც მიუთითებს. თავად ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ დუმილის უფლებას იყენებს.
შსს-ს ინფორმაციით, 30 წლის ზანდა უბილავა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე 13 თებერვალს დააკავეს. ის სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ნაცნობს, 48 წლის ხათუნა ლაზარიას, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში 13 თებერვალს იპოვეს. გარდაცვლილი ხათუნა ლაზარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათის მკვიდრია.
ერთ-ერთი ვერსიით, ქალებს შორის დაპირისპირება გარკვეული თანხის გამო იყო დაიწყო.