Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ბუნებრივი აირის და დენის ტარიფი გაუძვირა


ქალაქი ცხინვალი.
ქალაქი ცხინვალი.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ მომხმარებლებისთვის საბინაო და კომუნალური მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. ეკონომიკური განვითარების ე.წ. მინისტრმა ძამბოლატ ტადტაევმა საკითხი განსახილველად, 15 თებერვალს გამართულ დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე წარადგინა. მისი თქმით, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის რესურსების მიმწოდებელმა რუსულმა კომპანიებმა სამხრეთ ოსეთისთვის ელექტროენერგიის და გაზის გასაყიდი ფასი გაზარდეს.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა კი გადაწყვიტა, რომ ტარიფების გაზრდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში არ გამოეცხადებინა, რაც მოსახლეობას ზამთარში ტვირთად დააწვებოდა. გაზრდილ ტარიფზე დე ფაქტო რესპუბლიკა 1 ივლისამდე სუბსიდირებას ბიუჯეტიდან მოახდენს, ხოლო, მოსახლეობას 1 ივლისიდან გაზრდილი ტარიფით მოუწევს გადახდა.

ოკუპირებული რეგიონისთვის 2023 წელს ელექტროენერგიის და გაზის ტარიფი 11,9 პროცენტით გაიზარდა და არის: - 2023 წლის 30 ივნისამდე ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი მოსახლეობისთვის კილოვატ/საათი ელექტროენერგია 3 რუბლი (11 თეთრი) ღირს, 2023 წლის 1 ივლისიდან ტარიფი 36 კაპიკით გაიზრდება და 3,36 რუბლს (12 თეთრი) შეადგენს; - იმ რეგიონებში, სადაც ბუნებრივი აირი არ არის, ელექტროენერგიის გადასახადი 30 ივნისამდე - 2,37 რუბლი, (9 თეთრამდე) ხოლო 1 ივლისიდან 2,65 რუბლი (9,5 თეთრი) ეღირება. ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფები 2023 წელს: - ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის 2023 წლის 30 ივნისამდე. კუბური მეტრი აირი 4,51 რუბლი (16 თეთრი), 2023 წლის 1 ივლისიდან - 5,05 (18 თეთრი) რუბლი იქნება.

ძამბოლატ ტადტაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა აგრძელებს მოსახლეობის კომპენსაციას მოხმარებული გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯების ნაწილის სახელმწიფო ხაზინიდან სუბსიდირებით. გარდა ამისა, ისიც ცნობილი ხდება, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთის მიმართ ელექტროენერგიის საფასურის დავალიანება აქვს და ის 527 მილიონ რუბლს (დაახლოებით 19 მილიონი ლარი) შეადგენს. რუსეთი ამ ვალის გადახდას 2025 წლამდე ითხოვს, ამიტომ დე ფაქტო ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს როგორც ელექტროენერგიის , ისე ბუნებრივი აირის გადასახადები დროულად დაფარონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG