Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან


უკრაინელი სამხედროების მიერ განადგურებული რუსული ტანკები დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედართან. 2023 წლის თებერვალი
უკრაინელი სამხედროების მიერ განადგურებული რუსული ტანკები დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედართან. 2023 წლის თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 სარაკეტო და 18 საავიაციო დარტყმა და 52 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის დონეცკის და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის, ქალაქებთან, უგლედარსა და ბახმუტთან.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 5 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 6 რაიონი, მართვის 2 პუნქტი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი. უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენიც კა-52.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

XS
SM
MD
LG