Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის აეროპორტში დაკავებული გეი, იდრის არსამიკოვი, ჩეჩენმა სამართალდამცველებმა უცნობი მიმართულებით წაიყვანეს


დაკავება "დომოდედოვის" აეროპორტში
დაკავება "დომოდედოვის" აეროპორტში

მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტში დაკავებული ჩეჩენი გეი, იდრის არსამიკოვი, რუსმა სამართალდამცველებმა გადასცეს ჩეჩნეთის უსაფრთხოების სამსახურის აგენტებს, რომლებმაც დაკავებული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ამის შესახებ იუწყება კრიზისების ჯგუფი „სკ SOS“-ი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიელი ლგბტ პირებისა და მათი ახლობლების დახმარებით არის დაკავებული.

იდრის არსამიკოვი ნიდერლანდებში ცხოვრობდა, მაგრამ მამის დაკრძალვაზე დასასწრებად რუსეთში ჩავიდა. ჩეჩნეთის რესპუბლიკაში არსამიკოვი დააკავეს და სცემეს, მაგრამ შემდგომ გაათავისუფლეს და რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვების უფლება მისცეს. მაგრამ რუსეთიდან გაფრენის წინ მამაკაცი დააკავეს და აცნობეს, რომ მის წასაყვანად ჩეჩნეთიდან უსაფრთხოების ძალები მოდიოდნენ.

პოლიციის თქმით, დაკავება "ჩეჩნეთში არსებულ პრობლემებთან" არის დაკავშირებული. "თავად იდრისი ამბობს, რომ მას ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით დევნიან. ჩეჩნეთში მას შესაძლოა სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდეს", - ნათქვამია ჯგუფ "სკ SOS"-ის განცხადებაში.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებმა იდრის არსამიკოვი უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. IC SOS-ის ცნობით, "დომოდედოვოს" სამორიგეო განყოფილებაში იდრისის წასაყვანად მისულმა ოპერატიულმა მუშაკმა პოლიციას არანაირი დოკუმენტი არ უჩვენა და უარი უთხრა ადვოკატს დაკავებულის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.

უფლებადამცველების თქმით, არსამიკოვს, მასშტაბური თაღლითობის საქმეზე, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

უფლებადაცველ ჯგუფ Sota-ს თქმით, არსამიკოვზე მისი დაკავების შესახებ ორდერი გასცა შინაგან საქმეღა სამინისტროს ჩეჩნეთის შელკოვსკის რაიონის განყოფილების უფროსმა, ვინმე ხამზაევმა, რომელიც არსამიკოვს წარსულში ელექტროშოკით აწამებდა მისგან ჰომოსექსუალობის აღიარების მისაღებად. ჩეჩნეთის უშიშროების ოფიცერმა, რომელმაც არსამიკოვი აეროპორტიდან წაიყვანა, მას ეჭვმიტანილი უწოდა, - ამის შესახებ გამოცემის კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.

პირველად, არსამიკოვი 2018 წელს გროზნოს მახლობლად დააკავეს, მას შემდეგ, რაც კადიროვის მომხრეებმა მამაკაცთან მისი ინტიმური ურთიერთობის შესახებ შეიტყვეს. შემდეგ ის სარდაფში ჰყავდათ დამწყვდეული და აწამებდნენ. არსამიკოვმა შეძლო გაქცევა და ნიდერლანდებს შეაფარა თავი.

XS
SM
MD
LG