Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად ოთხ ტელეარხზე გაერთიანებული ეთერი გადის


ფოტო არქივიდან: ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე.
ფოტო არქივიდან: ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე.

„მთავარ არხის", „ფორმულის", „TV პირველის" და „კავკასიის" ეთერებში ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, ერთობლივი თოქშოუ გადის.

გადაცემას წინ უძღოდა ახალი მოძრაობის, „ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის" დაფუძნება. დღეს, 16 თებერვალს, 12 საათზე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან (სადაც ნიკა გვარამია სასჯელს იხდის) ინტელექტკლუბის, „რა? სად? როდის?" წევრები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, სხვადასხვა აქტივობები დაგეგმეს.

„ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა პირდაპირ უქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის ერთ-ერთი მთავარი მუხრუჭია", - მიიჩნევენ მოძრაობის წარმომადგენლები.

ნიკა გვარამიას სახელით, „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ის თანადგომისთვის მადლობას იხდის. „დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს რა? სად? როდის? კლუბიდან და მედიიდან გვერდში დგომისთვის მიხარია თქვენი თანადგომა! არ შემიძლია, წარმატება არ გისურვოთ თქვენს წამოწყებაში. მადლობა დღევანდელი ეთერისთვის საქართველოს დემოკრატიის ბოლო ბასტიონს - კრიტიკულ მედიას!" - წერს გვარამია.

16 მაისს ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დააკავეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2022 წლის 2 ნოემბერს ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

XS
SM
MD
LG