Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩონ ინი ქალიშვილთან ერთად ათვალიერებს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას. 2022 წ. 18 ნოემბერი.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩონ ინი ქალიშვილთან ერთად ათვალიერებს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას. 2022 წ. 18 ნოემბერი.

ჩრდილოეთმა კორეამ შაბათს შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით. ეს მოხდა ერთ დღეში მას მერე, რაც ფხენიანმა განაცხადა, რომ „მტკიცე პასუხს“ გასცემს აშშ-ისა და სამხრეთ კორეის დაგეგმილ სამხედრო სწავლებას. რაკეტის გაშვებაზე CNN-ი და Reuters-ი იუწყებიან.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ რაკეტა წყალში ჩავარდა იაპონიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ჰოკაიდოს დასავლეთით. იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, რაკეტა 60 წუთს იყო ჰაერში.

შარშან ჩრდილოეთმა კორეამ უპრეცედენტო რაოდენობის რაკეტები გაუშვა, მათ შორის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც, როგორც აცხადებენ, აშშ-ის კონტინენტური ნაწილის მიღწევა შეუძლიათ. გარდა ამისა, ჩრდილოეთმა კორეამ განაახლა 2017 წლის შემდეგ თავისი პირველი ბირთვული გამოცდისთვის მზადება.

ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული იარაღის პროგრამები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებითაა აკრძალული. მაგრამ ფხენიანი აცხადებს, რომ იარაღზე მუშაობა აუცილებელია ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების „მტრული პოლიტიკისთვის“ წინააღმდეგობის გასაწევად.

იანვრის ბოლოს აშშ-ისა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, გააფართოონ ერთობლივი სამხედრო წვრთნების პროგრამა. მხარეები ასევე აპირებენ გააფართოონ რეგიონში აშშ-ის ყოფნა და იქ F-22 და F-35 გამანადგურებლები და ბირთვული ძრავით მომუშავე ავიამზიდები განალაგონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG