Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმია შაბათს განაგრძობდა უკრაინის დაბომბვას და იერიშებს ბახმუტსა და უგლედარზე


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის არმია შაბათს განაგრძობდა უკრაინის დაბომბვას და იერიშებს დონეცკის ოლქში - ბახმუტსა და უგლედარზე.

კრემლის მხარდამჭერი რუსეთის მედია და ტელეგრამის არხები 18 თებერვალს იტყობინებოდნენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წინსვლაზე ბახმუტის ჩრდილოეთით, დაბა პარასკოვიევკაში. ეს ყოველდღიური იერიშების ერთ-ერთი მიმართულებაა რუსეთის ჯარისა, რომელიც რამდენიმე თვის უმძიმეს ბრძოლებში ცდილობს, ალყა შემოარტყას ბახმუტს. უკანასკნელი კვირების განმავლობაში რუსეთის ჯარი წინ წაიწია ქალაქის ჩრდილოეთით და გადაჭრა ბახმუტისა და სლავიანსკის დამაკავშირებელი გზა. მაგრამ შაბათს უკრაინული წყაროები აცხადებენ, რომ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჯარებს უკან დაახევინეს დაბა ივანოვსკოეს რაიონში, სადაც ქალაქიდან გამომავალი მეორე გზა მდებარეობს. ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლებზე დამოუკიდებელი წყაროების ინფორმაცია არ მოიპოვება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ 18 თებერვალს სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ პარასკევს ღამით რუსეთის ჯარებმა უგლედარის მახლობლად მხოლოდ ორჯერ სცადეს იერიში. „თუმცა ძალზე რთულია ამას საიერიშო მოქმედებები უწოდო. უტევდნენ მოტომსროლელი ქვედანაყოფით. ეს არის ქვედანაყოფი ყოველგვარი ტექნიკის, საერთოდ ჯავშანტექნიკის გარეშე,“ თქვა დმიტრაშკოვსკიმ.

მისი სიტყვებით, ამ მიმართულებაზე რუსეთის შეტევის შესუსტება დაკავშირებულია პრობლემებთან, რომლებზეც „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერი“ დარჩა შეიარაღების გარეშე, სამხედროების მხარდაჭერის გარეშე. „ამას მოწმობენ ტყვეები, რომლებიც იმყოფებიან ჩვენთან. ჰყვებიან, რომ სამედიცინო დახმარებაც კი არ მოეპოვებათ,“ თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა.

შაბათს დილით უკრაინაში ფართო მასშტაბის საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის სარაკეტო იერიშის გამო. ხმელნიცკის ოლქის მერის თქმით, იქ ორი აფეთქება მოხდა. ნიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის უფროსის თანახმად, რუსეთმა რაკეტები ისროლა შავი ზღვიდან, მათი ნაწილის ჩამოგდება მოხერხდა. ხმელნიცკიში მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, ნიკოლაევში - ერთი დაიჭრა.

ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის უფროსმა ოლეჰ სინეჰუბოვმა ტელეგრამის არხში დაწერა, რომ 18 თებერვალს რუსეთის არმიამ კვლავ დაუშინა საარტილერიო ცეცხლი რეგიონის ქალაქებსა და დასახლებებს. დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა ოთხი. დაიბომბა კუპიანსკი, სადაც მსუბუქი ავტომობილი და სასწრაფო დახმარების მანქანა დაიწვა.

პარასკევს ღამით სარაკეტო იერიში განხორციელდა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის წინააღმდეგ. როგორც ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები იტყობინებიან, მსხვერპლი არ არის. დაზიანდა რამდენიმე შენობა.

რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს, რომ განზრახ აწარმოებს იერიშებს სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG