Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა მიუნხენის კონფერენცია, მსოფლიოს ლიდერებმა უკრაინას მხარდაჭერა დაუდასტურეს


კვირას დასრულდა მიუნხენის ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც 17-19 თებერვალს მიმდინარეობდა. წელს კონფერენციის მთავარი თემა იყო უკრაინა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა კონფერენციაზე ისაუბრა პროცედურის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უკრაინისთვის ამუნიციის შესყიდვას გეგმავს. ამ გეგმის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამოყოფენ თანხას, რომელიც ამუნიციის მწარმოებელ კომპანიებს წარმოების გაზრდის საშუალებას მისცემს.

მსგავსი პროგრამა COVID-19-ს პანდემიის დროსაც შეიქმნა ვაქცინების წარმოებისთვის ხელის შესაწყობად.

„რუსეთი ერთ დღეში ისვრის იმდენ საარტილერიო ჭურვს, რამდენსაც ევროპა ერთ თვეში აწარმოებს,“ თქვა კალასმა. კალასმა, რომლის თქმითაც, რუსი მწარმოებლები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, ევროკავშირს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გააფართოოს წარმოება.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა მოიწონა ეს წინადადება და თქვა, რომ ევროკავშირი ამ იდეაზე „მუშაობს“. „ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით,“ თქვა ბორელმა 19 თებერვალს.

კონფერენციის პირველ დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, „რამდენი ხანიც საჭირო იქნება“. მის ამ განცხადებას მიესალმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელმაც მწვავედ გააკრიტიკა მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ „გენოციდური ომის“ წარმოებისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები კვლავაც მხარში უდგანან უკრაინას „ისე მტკიცედ, როგორც არასდროს“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უკრაინას უნდა „მისცეს, რაც მას სჭირდება გამარჯვებისა და წარმატებისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG