Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მხოლოდ 2 პროვინციაში გრძელდება


სამძებრო-სამაშველო ოპერაციის მონაწილე თურქი სამხედროები ქალაქ ანთაქიაში
სამძებრო-სამაშველო ოპერაციის მონაწილე თურქი სამხედროები ქალაქ ანთაქიაში

დამანგრეველი მიწისძვრიდან ორი კვირის შემდეგ, თურქეთის მთავრობამ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა სტიქიური უბედურების ზონაში მოქცეულ ყველა პროვინციაში, ორის გარდა.

სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ხელმძღვანელ იუნუს სეზერზე დაყრდნობით წერს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება მხოლოდ კაჰრამანმარაშის და ჰათაის პროვინციებში. ოპერაციაში ჩართულია 19 400-ზე მეტი თურქი და უცხოელი მაშველი.

19 თებერვლის ღამის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 020-ს მიაღწია. უცნობია რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად. თურქეთის მთავრობის მონაცემებით, დანგრეული, ან სერიოზულად დაზიანებულია დაახლოებით 118 000 შენობა.

  • 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. სტიქიური უბედურების ზონამ მოიცვა კიდევ 10 პროვინცია. მიწისძვრამ დააზარალა დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი.
  • თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.
  • მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG