Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაროვამ ზელენსკის სააკაშვილის ბედი უწინასწარმეტყველა


მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, 20 იანვარი , 2022 წელი
მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, 20 იანვარი , 2022 წელი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თავის ტელეგარმის გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბედი შედარა და დაწერა, რომ სულ უფრო გასართობი ხდება შოუს - "შუშის მიღმა სააკაშვილთან"- სიუჟეტი.

„მსოფლიო შემოიარა კადრებმა, როგორ ვერ ახერხებს მიშიკო საწოლამდე მისვლას, მართალია, უცნობია, როგორ მოხვდა ისინი CNN-ის განკარგულებაში. ყველამ იცის, რომ სააკაშვილი დასავლეთის მიერ, ყველა თვალსაზრისით, შემუშავებული მასალაა (სხვათაშორის ორგზის - მეორედ უკრაინაში)“,- დაწერა ზახაროვამ.

გასულ შაბათს ტელეკომპანია CNN-მა გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატის მიწოდებული ვიდეოკადრები, რომელიც 4 და 6 თებერვალს კლინიკა "ვივამედში" პატიმრის პალატაში იყო გადაღებული. მასალაში ჩანდა, სავარაუდოდ, გონების დაკარგვის ეპიზოდები.

ზახაროვას წერს, რომ სააკაშვილი იმათვე მოიშორეს, ვინც მოიყვანა და ახლა ფულს იხდის იმისთვის, რომ დასავლეთში არ დაავიწყდეთ.

ზახაროვა წერს, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა სააკაშვილის დოსიეს დეტალები გამოარკვიეს, რომ მან თითქმის 1 მლნ დოლარი დახარჯა ლობისტურ კამპანიაში, რათა "თბილისიდან გაიყვანონ და თანამემამულეთა მართლმსაჯულებისგან იხსნან" და „აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის ადვოკატები უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ ამერიკულ კანონს აღვევენ, დადგენილ ვადებში არ აცნობებენ უცხოური დაფინანსების შესახებ“.

"სააკაშვილის და გუაიდოს [ვენესუელის გარდამავალი პრეზიდენტი 2019-2022 წ.წ] ბედი ელის ყველას ვინც თავისი ცხოვრება ამერიკელებს მიჰყიდა. თავისი ხალხის დაწყევლილი არავის სჭირდება. იძულებული არიან ამერიკაში თავისი ხალხის ღალატში ნაშოვნი ფული ისევ ამერიკელ ადვოკატზე ხარჯონ",- წერს ზახაროვა.

ის მკითხველებს მიმართავს, როცა დღევანდელ კადრებს ნახავენ კიევიდან "ბაიდენისა მის ქვეშევრდომ ზელენსკის თანხლებით", არ დაავიწყდეთ "წინა ამერიკული პროექტების ბედი".

2019 წლის იანვარში ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ქვეყნის ლიდერად გუაიდო ცნო აშშ-მა, დასავლეთის და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ. ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც გამოცხადებული მონაცემებით, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, გაყალბებულად თვლიან. ამასთან ნიკოლას მადუროს მხარს უჭერენ ჩინეთი, რუსეთი, კუბა და თურქეთი. 2022 წლის დეკემბერში გუაიდო დროებითი პრეზიდენტობიდან გადააყენეს.

დღეს 20 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში მისი ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული.

კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციამდე, ბაიდენი ზელენსკის თანხლებით, საჰაერო განგაშის სიგნალის ფონზე უკრაინის დამცველების მემორიალს სტუმრობდა.

  • 15 თებერვალს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლება მოუწოდა, სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა.
  • ევროპარლამენტარები მიმართავენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებასაც "ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ.
  • 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
  • ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
  • 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
  • ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
  • 2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
  • 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.
  • სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.
XS
SM
MD
LG