Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა თურქეთში გასულ ღამით მომხდარ მიწისძვრას


20 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი - თურქეთის ჰათაის პროვინციის ქალაქი ანთაქია
20 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი - თურქეთის ჰათაის პროვინციის ქალაქი ანთაქია

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 213 დაშავდა თურქეთის სამხრეთში, ჰათაის პროვინციაში 20 თებერვალს, მომხდარი მიწისძვრის შედეგად. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა და სამ წუთში მოჰყვა მეორე - 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს სამი შენობის ნანგრევებში. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ორი შენობა ჩამოინგრა პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ანთაქიაში და ერთი - ქალაქ ისკენდერუნში.

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სირიაში, ლიბანში, იორდანიაში, ერაყში, ისრაელსა და კვიპროსზე. წინასწარი მონაცემებით, სირიაში დაიღუპა 4 და დაშავდა 400-ზე მეტი ადამიანი.

ჰათაი თურქეთის იმ პროვინციებს შორისაა, რომლებიც ქვეყნის მთავრობამ სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა 6 თებერვალს მომხდარი, 7.7 და 7.6 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ. მათი ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა.

  • 20 თებერვლის ღამის მონაცემებით, 6 თებერვლის მიწისძვრების შედეგად თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 41 156-ს მიაღწია. უცნობია რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად.
  • თურქეთის მთავრობის მონაცემებით, დანგრეული, ან სერიოზულად დაზიანებულია დაახლოებით 118 000 შენობა. სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია 485 000-ზე მეტი ადამიანი.
  • 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG