Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-ის ფრაქცია განიხილავს, რომ "გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვაში ჩაერთოს


ლევან ბეჟაშვილი, ენმ-ის პოლიტსაბჭოს მდივანი
ლევან ბეჟაშვილი, ენმ-ის პოლიტსაბჭოს მდივანი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციაში ბოიკოტის შეწყვეტას და "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვაში ჩართვას განიხილავენ. ამის შესახებ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და საქართველოს ევროპულ არჩევანს, ამიტომ ენმ-ის ფრაქცია განიხილავს საკიხს, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო დებატებში ჩაერთოს, და საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ დაუშვებელია ამ კანონის მიღება", - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა საპარლამენტო საქმიანობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობა.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მოძრაობა "ხალხის ძალამ" წარადგინა. იგი გუშინ, 20 თებერვალს დაარეგისტრირეს პარლამენტში.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დოკუმენტი იმ დეპუტატებმა მოამზადეს, რომლებმაც გასულ წელს მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" დატოვეს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ. 20 თებერვალს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ ყოფილი თანაგუნდელების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს.

"ქართული ოცნების“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე ჩვენ შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა", - თქვა მან პარტიის მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

XS
SM
MD
LG