Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის წევრებს უთხრა, რომ აშშ ნატოს ყოველ გოჯს დაიცავს


"ბუქარესტის ცხრიანის" შეხვედრა ვარშავაში
"ბუქარესტის ცხრიანის" შეხვედრა ვარშავაში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დიდი შეცდომა“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას აშშ-სთან სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებაში (ახალი START-ი) რუსეთის მონაწილეობის შეჩერების თაობაზე.

ამის შესახებ ბაიდენმა ვარშავაში განაცხადა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების შეხვედრის წინ.

ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებში, ე.წ. „ბუქარესტის ცხრიანში“, შედიან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები: პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. მათი უდიდესი ნაწილი ემხრობა რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას და უკრაინისთვის დახმარების გაფართოებას.

ჯგუფის შეხვედრაზე გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების „მოწინავე ხაზზე“ იმყოფებიან და კვლავ დაჰპირდა მათ დაცვას შესაძლო აგრესიის შემთხვევაში.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ევროპაში უსაფრთხოების ახალი ვითარება შექმნა და გამოვიდა მოწოდებით, იფიქრონ ახალ ზომებზე უკრაინის მხარდასაჭერად და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

გუშინ ბაიდენი ვარშავაში შეხვდა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს და მას შეერთებული შტატების მხარდაჭერა აღუთქვა. მოლდოვის ხელისუფლება ახლახან აცხადებდა, რომ ადგილობრივი პრორუსული ძალები პროვოკაციას და, შესაძლოა, სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ.

„ბუქარესტის ცხრიანის“ შეხვედრაზე ბაიდენმა ნატოს წევრებსა და პირადად ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, განუცხადა, რომ აშშ აპირებს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და ნატოს პრინციპების ერთგულება.

„ჩვენ ნატოს ტერიტორიის ყოველ გოჯს დავიცავთ,“ განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ბაიდენის მიერ ორშაბათს კიევში გამართული ვიზიტი იმის შესახებ მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის უსაფრთხოება ვაშინგტონის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა.

სტოლტენბერგის სიტყვებით, რუსეთის ლიდერი არ არის დაინტერესებული მშვიდობით და, პირიქით, ვითარებას ამწვავებს. ამიტომ დასავლეთმა უნდა გააძლიეროს უკრაინის სამხედრო დახმარება.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთს არავინ მისცემს იმის უფლებას, რომ გააგრძელოს ევროპის უსაფრთხოებისთვის მუქარის შექმნა. „ნატო არასოდეს ყოფილა ასე შეკავშირებული,“ თქვა მან.

ოთხშაბათს ვარშავაში, „ბუქარესტის ცხრიანის“ შეხვედრაზე მიმავალი ჯო ბაიდენის კორტეჟის გზაზე, გაიმართა საპროტესტო დემონსტრაცია, რომლის მომხრეები აშშ-ის პრეზიდენტისგან მოითხოვდნენ, დაუშვას უკრაინისთვის სამხედრო ავიაციის, კერძოდ, F-16-ების მიწოდება.

აშშ-ის პრეზიდენტი გუშინ პოლონეთის დედაქალაქში გამოვიდა საკვანძო მნიშვნელობის სიტყვით, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავს მიეძღვნა. მან განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენას.

XS
SM
MD
LG