Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა კარცერში მოათავსეს


ვლადიმირ კარა-მურზა
ვლადიმირ კარა-მურზა

რუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელიც მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორ „ვოდნიკშია“ პატიმრობაში, კარცერში მოათავსეს. ამის შესახებ ტელეარხ „დოჟდს“ განუცხადა კარა-მურზას ადვოკატმა ვადიმ პროხოროვმა. პროხოროვის სიტყვებით, სადისციპლინო ზომების მიზეზი გახდა ის, რომ დილით ადგომის გამოცხადების შემდეგ ეჭვმიტანილი საწოლზე იწვა.

ვლადიმირ კარა-მურზა რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 2022 წლის 22 აპრილს უცხოეთის აგენტების სიაში შეიყვანა. ის იმავე დღეს დააპატიმრეს. თავიდან პოლიტიკოსს „რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის“ გავრცელების ბრალდება წაუყენეს. უკვე დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. ბრალდებათა ჯამით მას 20 წელზე მეტი ხნით პატიმრობა ემუქრება.

ტელეარხი „დოჟდი“ აზუსტებს, რომ საგამოძიებო იზოლატორ „ვოდნიკის“ უფროსი არის დმიტრი კომნოვი. ადრე ის ხელმძღვანელობდა საგამოძიებო იზოლატორ „ბუტირკას“, რომელშიც 2009 წელს მძიმედ დაავადდა საინვესტიციო ფონდ Hermitage Capital-ის იურისტი სერგეი მაგნიტსკი. მაგნიტსკი არაერთხელ ჩიოდა ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. იურისტი გარდაიცვალა საგამოძიებო იზოლატორ „მატროსსკაია ტიშინას“ საავადმყოფოში, სადაც ის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიყვანს.

კომნოვი შედის „მაგნიტსკის სიაში“ - ესაა რუსეთის სამართალდამცავთა და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის იმ თანამშრომელთა სია, რომლებსაც კავშირი აქვთ იურისტის სიკვდილთან. „მაგნიტსკის აქტი“, რომელიც აშშ-ში მიიღეს, ითვალისწინებს ქვეყანაში შესვლის აკრძალვას და აქტივების გაყინვას რუსეთის პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოხელეებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის არიან პასუხისმგებელნი. „მაგნიტსკის აქტის“ მიღებას სხვებთან ერთად ხელი შეუწყო სწორედ კარა-მურზამ.

მაგნიტსკის დედის თქმით, კომნოვი იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც მონაწილეობდა მისი ვაჟისთვის საწამებელი პირობების შექმნაში.

მაგნიტსკის სიკვდილის შემდეგ კომნოვი მოხსნეს „ბუტირკის“ უფროსის თანამდებობიდან. ერთ ხანს ის მოსკოვის სხვა საგამოძიებო იზოლატორის უფროსის მოადგილის მოვალეობებს ასრულებდა, 2022 წლის აგვისტოში კი „ვოდნიკის“ უფროსი გახდა.

ვლადიმირ კარა-მურზა მიიჩნევს, რომ მას პოლიტიკური საქმიანობისთვის დევნიან. მას ეთანხმებიან საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.

2022 წლის ოქტომბერში ოპოზიციონერს მიენიჭა ვაცლავ ჰაველის სახელობის საერთაშორისო პრემია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ნოემბერში მას Axel Springer Stiftung-ის პრემია მიანიჭეს ჟურნალისტიკაში პირადი სიმამაცისთვის.

XS
SM
MD
LG