Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის მსგავს დიქტატორებს ავიწყდებათ ის, რომ "ბოროტსა სძლია კეთილმან" - აშშ-ის საელჩო


უკრაინა
უკრაინა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის თავს ეხმაურება და წერს, რომ პუტინის მსგავს დიქტატორებს ავიწყდებათ ის ჭეშმარიტება, რომ "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.

"ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა. ასევე არახალია, რომ დიქტატორები ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ.

პუტინი საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათი მტერია, რომ მხოლოდ ის დგას ჭეშმარიტების გზაზე. პუტინის მტერია ფეხმძიმე ქალები, რომლებსაც სამშობიაროში ბომბავს, პატარა ბავშვები და მოხუცები, რომლებიც თავშესაფრებში ერთამენთს სიმღერით ამხნევებენ და ადამიანები, რომლებიც ირჩევენ თავისუფლებას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მათივე თქმით, ერთი წლის წინ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ კიევი ერთ დღეში დაეცემოდა, რომ მის ჯარს უკრაინელი ხალხი ყვავილებით შეეგებებოდა და დასავლეთი მის საქციელზე თვალს დახუჭავდა.

მაგრამ კიევი დგას, უკრაინელი ხალხი არნახული სიმამაცით იბრძვის და დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. პუტინის მსგავსი დიქტატორები იმეორებენ შეცდომას, რადგან მათ ავიწყდებათ ის ჭეშმარიტება, რომელიც საუკუნეების წინ რუსთაველმა გენიალურად ჩამოაყალიბა: "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია", - აცხადებენ საელჩოში.

დღეს, 24 თებერვალს, ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.
XS
SM
MD
LG