Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები: ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას


დემონსტრაცია თბილისში "გზად ევროპისკენ" - 24 ივნისი, 2022 წელი
დემონსტრაცია თბილისში "გზად ევროპისკენ" - 24 ივნისი, 2022 წელი

"ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ამ რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის", – ნათქვამია საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრისა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის 24 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. ელჩები იწვევენ ქართველ მეგობრებს, ფოკუსირდნენ ამ შესაძლებლობაზე და გააერთიანონ ძალები 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავზე ელჩების განცხადება არის მცდელობა, გააგზავნონ იმედის, ერთიანობისა და სიმტკიცის სიგნალი.

"იმედი – საფრანგეთმა და გერმანიამ აჩვენეს, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და შერიგება შესაძლებელია. ჩვენი ქვეყნები, რომლებიც ოდესღაც სასტიკ მტრებად ითვლებოდნენ და მარადიულ კონფლიქტსა და ომში ყოფნისთვის იყვნენ განწირული, უნიკალურ, სისტემატურ და სანდო პარტნიორებად, ევროპული იდეალის მიმართ ერთგულ ქვეყნებად გადაიქცნენ. ევროკავშირის პროექტმა განადგურებული კონტინენტი აქცია კეთილდღეობის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის სივრცედ.

ეს გამოცდილება გვაძლევს იმედს. დღეს, ჩვენ გვსურს მშვიდობა, რომელიც აღადგენს უკრაინას თავისი უფლებებში და სამართლიანობას მოიტანს მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მრავალი დანაშაულის მსხვერპლთათვის. ჩვენ გვსურს მშვიდობა, რომელიც ჩვენს კონტინენტზე ყველასთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების სივრცის შექმნის საშუალებას გვაძლევს.

ერთიანობა – ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობაში. ჩვენ ერთიანი ვართ ყველასთან, ვინც გმობს გაეროს წესდებაში დაფიქსირებული საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას და უარს ამბობს ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლაზე.

ჩვენი ერთიანობა მოიცავს ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში, ჩვენს ნატოელ მოკავშირეებსა და გაეროს, რომლის გენერალურმა ასამბლეამ არაერთხელ და აბსოლუტური უმრავლესობით მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი, გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინიდან და პატივი სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი ერთიანობა მოიცავს საქართველოს, რომელმაც ყველაზე მეტად იცის ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

კონფლიქტის დაწყებიდან ქართველებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოავლინეს, რასაც მოწმობს ყველა უკრაინული დროშა თბილისში. საქართველომ, გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს. ჩვენ მივესალმებით უკრაინის იმ მეზობელ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, რომლებმაც დიდი სოლიდარობა და ჰუმანურობა გამოავლინეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ლტოლვილებისა და მესამე ქვეყნის მოქალაქეების მიღებისას. ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, უკრაინას უზრუნველვყოფთ არსებითი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან და ასე გავაგრძელებთ იმდენხანს, რამდენი ხანიც დასჭირება უკრაინას საკუთარი თავის დასაცავად.

სიმტკიცე – პრეზიდენტმა პუტინმა დიდი ტაქტიკური და სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მას ეგონა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში დაეცემოდა.

ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ შედეგს: უკრაინა გმირულ წინააღმდეგობას უწევს და აქვს ყველა თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების მხარდაჭერა. მეორე მხრივ, რუსეთი დგამს სასტიკ, ესკალაციის გამომწვევ ნაბიჯებს, მათ შორის ახორციელებს უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. რუსეთი სჩადის ომის დანაშაულებს და დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ. რუსეთი მიზანმიმართულად იწვევს სურსათისა და ენერგორესურსების დეფიციტს, აფერხებს მიწოდების ჯაჭვებს და იწვევს ფასების მკვეთრ ზრდას, რაც აძლიერებს საერთაშორისო საზოგადოებისგან მის იზოლაციას" - წერია განცხადებაში. ელჩები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ამ ომს რუსეთი ვერ მოიგებს და ამის ერთ-ერთი გარანტი ევროკავშირის უპრეცედენტო ერთიანობაა ამ საკითხის მიმართ.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის ერთი წლის განმავლობაში რუსეთი ბომბავს უკრაინაში არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებსაც.

უკრაინის მხარდასაჭერად დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG