Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი: უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებას


შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუშავილი აცხადებს, რომ საქართველო ომის დაწყების დღიდან უპირობოდ და ურყევად დგას უკრაინასა და უკრაინელი ხალხის გვერდით. ორბელიანების სასახლეში უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი და თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის მხარდაჭერაში უკომპრომისოა.

"დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან 1 წელი სრულდება. 1 წელი ნგრევის, ტკივილის, ათასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის, მილიონობით ადამიანისთვის დაღუპული აწყმოსა და მომავლის ჩვენი თაობის ყველაზე მასშტაბური აგრესიის. ამავე დროს, ხვალ სრულდება წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 102 წელი. მაშინ მსოფლიო თვალი დახუჭა საქართველოს და სხვა ერების თავისუფლებების მისწრაფებების ძალით ჩახშობაზე. 102 წლის შემდეგ ისტორია მეორდება. უკრაინაში ომის სახით მსოფლიო დადგა იგივე მასშტაბის გამოწვევის წინაშე. იგივე შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს. 2022 წლის უკრაინა აღარ უნდა გახდეს 1921 წლის საქართველო", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ასევე დასძინა, რომ ქართველი ხალხის სოლიდარობა და თანადგომა უკრაინელ კოლეგებს გამოუცხადეთ კიევში, ბუჩასა და დნიპრიში ვიზიტისას.

"საქართველოს პარლამენტმა ვუმასპინძლეთ ომით დაზარალებული ოჯახებიდან ბავშვების რამდენიმე ჯგუფს. ომს და ნგრევას გამორიდებული ბევრი უკრაინელისთვის უკრაინაში მშვიდობის აღდგენამდე საქართველო გახდა მათი მეორე სამშობლო. ეს თანადგომა მომავალშიც ურყევად გაგრძელდება. გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ჩვენი თანაავტორობით ინიცირებული რეზოლუცია და ამ რეზოლუციის სულისკვეთებით ამ ტრიბუნიდანაც მოვითხოვთ რუსეთისგან დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან და პატივის სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინას და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში ვუსურვებ გამარჯვებას. სლავა უკრაინი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი, დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განსხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან.

21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა იმ მიზეზზე, რის გამოც საპარლამენტო დელეგაციაც არ ჩადის 24 თებერვალს უკრაინაში - რუსეთის მიერ დაწყებული ომის წლისთავზე. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიაა.

დღეს, 24 თებერვალს, ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.
XS
SM
MD
LG