Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვექნება კიევში გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა - პაპუაშვილი სტეფანჩუკს


ფოტო არქივიდან: შალვა პაპუაშვილი, რუსლან სტეფანჩუკი
ფოტო არქივიდან: შალვა პაპუაშვილი, რუსლან სტეფანჩუკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თავის უკრაინელ კოლეგას რუსლან სტეფანჩუკს ფეისბუკში საჯარო წერილით მიმართავს. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ის წერს, რომ დადგება უკეთესი დღეები და კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა ექნებათ.

მისივე თქმით, ამ დროის განმავლობაში საქართველო უკრაინისადმი სრულ სოლიდარობას გამოხატავდა.

"ქართული დროშა კიევში საქართველოს საელჩოში ომის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ დაშვებულა. მშვიდობის დადგომამდე საქართველო ათასობით უკრაინელისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. 2022 წლის აპრილში, ქ. კიევში ჩვენს შეხვედრას გაორებული ემოციებით ვიხსენებ. ვიყავი ბედნიერი თქვენთან, როგორც ჩემს მეგობართან შეხვედრით. თუმცა, ამავე დროს, ვიყავი დამწუხრებული და შოკირებული რუსეთის აგრესიის ტრაგიკული შედეგებით.

დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი დღეები აუცილებლად დადგება და გვექნება კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა", - ვკუთხულობთ წერილში.

ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი, დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განსხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან.

21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა იმ მიზეზზე, რის გამოც საპარლამენტო დელეგაციაც არ ჩადის 24 თებერვალს უკრაინაში - რუსეთის მიერ დაწყებული ომის წლისთავზე. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიაა.

დღეს, 24 თებერვალს, ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.
XS
SM
MD
LG