Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი დოლარის დახმარებას ჰპირდება უსაფრთხოების სფეროში


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდლენი და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევში შეხვედრისას, 20 თებერვალი. 2023 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდლენი და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევში შეხვედრისას, 20 თებერვალი. 2023 წელი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის დამატებითი 2 მილიარდი დოლარის "უსაფრთხოების დახმარების" შესახებ გამოაცხადა.

მეზობელ ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეორე წელი დაიწყო 24 თებერვალს. ამ დღესთან დაკავშირებით პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პაკეტი შეიცავს საბრძოლო მასალას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისა და სხვა იარაღისთვის, მაღალტექნოლოგიურ უპილოტო საფრენ მოწყობილობებს, განაღმვის საშუალებებს და თანხას წვრთნებისთვის.

"ერთი წლის წინ, ამ დღეს, რუსეთმა დაიწყო არაპროვოცირებული და ყოვლად გაუმართლებელი შეჭრა თავის მშვიდობიან და დემოკრატიულ მეზობელ უკრაინაში", ნათქვამია განცხადებაში. "ერთი წლის შემდეგ, შეერთებული შტატების ვალდებულება, 50-მდე ქვეყანასთან ერთად, რომლებიც გაერთიანდნენ უკრაინისთვის სასწრაფოდ საჭირო დახმარებისთვის, მხოლოდ გაძლიერდა", დასძენს პენტაგონი, რომლის მონაცემებით, შეჭრის დაწყების შემდეგ, აშშ-მა 32 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო უკრაინის დახმარებისთვის უსაფრთხოების სფეროში.

თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა 24 თებერვალს, ცალკე განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება და მხარდაჭერა რუსეთის ჯარების მოგერიებისთვის ბრძოლაში "ურყევი" დარჩება. ლოიდის თანახმად, რუსეთის არაპროვოცირებულმა და ყოვლად გაუმართლებელმა სასტიკმა ომმა უკრაინაში - „შეიწირა ათასობით უდანაშაულო უკრაინელი, კიდევ მილიონობით ადამიანი აიძულა, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები, უამრავი უკრაინელი დატოვა დაჭრილი ან ტრავმირებული და ტრაგედია და ტერორი მოიტანა სუვერენულ, გაეროს წევრ სახელმწიფოს", ამბობს ის თავის განცხადებაში.

"პუტინს ეგონა, რომ უკრაინის თავდაცვა ჩამოიშლებოდა, რომ ამერიკის მტკიცე გადაწყვეტილება შეირყეოდა და მსოფლიო თვალს დახუჭავდა. ის ცდებოდა. ერთი წლის თავზე, უკრაინის მამაცი დამცველები არ შერყეულან, ისევე, როგორც [არ შერყეულა] ჩვენი ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ მათ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", დასძენს ოსტინი.

XS
SM
MD
LG