Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას უსაფრთხოების გარანტად ნატოს იარაღის მიცემა შესთავაზეს - WSJ


ნატოს და უკრაინის დროშები
ნატოს და უკრაინის დროშები

ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი შეთანხმდნენ, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინას ნატო-ს შეიარაღებაზე ფართო წვდომა მიეცემა. მათი იდეის თანახმად, ამ დაპირებამ კიევს მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ უნდა უბიძგოს. საკითხის განხილვა ივლისში ნატოს სამიტზე იგეგმება. ამის შესახებ „უოლ სტრიტ ჯორნალი" სამი ქვეყნის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.

ანონიმური წყაროების თანახმად, გასულ კვირას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა შესთავაზა უკრაინასა და ნატოს შორის შეთანხმების გეგმა, რომლის მიხედვითაც უკრაინას ომის დასრულების შემდეგ შეეძლება მიიღოს მოწინავე იარაღი, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა. „არსებობს ტენდენცია, როდესაც რუსეთის მიერ დაწყებული ომები იყინება და შემდეგ ლღვება, ამიტომ უკრაინას ჩვენი მხრიდან დამატებითი გარანტიები სჭირდება", - განმარტა ბრიტანულმა წყარომ.

საფრანგეთმა და გერმანიამ მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, - განუცხადეს თანამოსაუბრეებმა „უოლ სტრიტ ჯორნალს“. სამი ქვეყნის მთავრობები შეთანხმებას ხედავენ, როგორც უკრაინის თავდაჯერებულობის ამაღლების საშუალებას, რას მას მისცემს სტიმულს, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან.


შეთანხმების კიდევ ერთი მიზანი კრემლის გეგმების შეცვლაა. ბრიტანელი ჩინოვნიკის განცხადებით, თუ რუსეთი დაინახავს, რომ დასავლეთი მზად არის გაზარდოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მოცულობა, ამან შესაძლოა კრემლი დაარწმუნოს, რომ ვერ მიაღწევს სამხედრო მიზნებს.

WSJ-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როდის და რა პირობებში დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები, მხოლოდ უკრაინაზეა დამოკიდებული.

2022 წლის ოქტომბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად კიევი რუსეთთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს მანამ, სანამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG