Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაისი: "უცხოური გავლენის აგენტობის" დაკანონებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას 


სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი

აშშ-ში ისევ ღრმა შეშფოთების საფუძველი უწოდეს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და განაცხადეს, რომ კანონის მიღებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ვაშინგტონში, 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, ნედ პრაისს ჰკითხეს, აქვთ თუ არა ამ საკითხზე კონსულტაციები თბილისთან და ხომ არ შეაფერხებს ურთიერთობებს ამ კანონპროექტის მიღება.

ნედ პრაისმა გაიმეორა თითქმის იგივე, რაც 15 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ამავე კანონპროექტის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, ადრეც თქვა, რომ შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია შედეგებით საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ეს შეშფოთება არაერთხელ გამოხატეს საქართველოს მთავრობასთან.

ნედ პრაისის შეფასებით, ეს კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობის ერთგულნი არიან. გარდა ამისა, შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რომელსაც ბოლო ათწლეულებია ქართველი ხალხი მკაფიოდ გამოხატავს.

ნედ პრაისმა აშკარად მცდარი უწოდა განცხადებებს, რომ ქართული კანონპროექტი ამერიკულ კანონებს ეფუძნება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება ანალოგიურ, რუსულ და უნგრულ კანონებს და არა ამერიკულს.

  • 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის ავტორები არიან "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების მიერ შექმნილი მოძრაობის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლები.
  • კანონპროექტის მიხედვით, რეესტრში "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. რეგისტრაციაზე უარი 25 ათასი ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.

სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა უმრავლესობამ მაშინვე განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი რუსულია და არა ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი, როგორც ამას ინიციატორები ამტკიცებდნენ და მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე ზეწოლაა და არა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, როგორც ამას ავტორები ამბობენ.

  • 27 თებერვალს "ხალხის ძალამ" პარლამენტში ალტერნატივად დაარეგისტრირა მეორე კანონპროექტი "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და განაცხადა, რომ ეს ვარიანტი

    ამერიკული კანონმდებლობის ზუსტი თარგმანია და მისი ინიციირება გადაწყვიტეს პირველი კანონპროექტით "სპეკულაციების" გამო და იმის საჩვენებლად, რამდენად სჯობს თავდაპირველი ვარიანტი.

  • 27 თებერვალს 64-მა მედიაორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული "რუსული კანონის" მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა და მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე. კანონის მიღების შემთხვევაში, ეს მედიაორგანიზაციები უარს იტყვიან „უცხოური გავლენის აგენტად” დარეგისტრირებაზე.
  • 27 თებერვალს, პარლამენტში "ხალხის ძალის" მეორე კანონპროექტის დარეგისტრირების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისევ განაცხადეს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიზანია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ახალი დაბრკოლებების შექმნა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის პოზიცია, რომ ინიციატივა „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს და არის ცუდი მესიჯი, ცუდ დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG