Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. დაჭრილია 5 წლის ბავშვი


ფოტო შემთხვევის ადგილიდან
ფოტო შემთხვევის ადგილიდან

ოკუპირებულ ცხინვალში სამშაბათს, შუადღით, საკუთარ ავტომანქანაში ესროლეს ახალგაზრდა კაცს. ის ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. დაჭრილია 5 წლის ბავშვი, ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობა ისაკ ხარებოვის ქუჩაზე, პურკომბინატთან მოხდა. მილიცია მოკლულის ვინაობას არ აცხადებს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ხარებოვის ქუჩაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

მკვლელობის შემდეგ მილიციამ გააძლიერა კონტროლი ე.წ საზღვრებზე.

ცოტა ხნის წინ დე ფაქტო შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილიციის განყოფილებაში მკვლელობის აღიარებით გამოცხადდა ხარებოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "რესს" დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალერი გაზაევმა მიაწოდა.

„მსროლელის ვინაობა დადგენილია, ეს არის ცხინვალის მკვიდრი ანდრეი ხუგაევი, რომელიც ნებაყოფლობით ჩაბარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მისი თქმით, მკვლელობის მიზეზი მტრული ურთიერთობები იყო", - განაცხადა გაზაევმა.

"მინისტრმა" განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან ყველა ვიდეოჩანაწერი უკვე ამოღებულია.

ოკუპირებული ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მძიმეა სროლის შედეგად დაშავებული ხუთი წლის ბავშვის მდგომარეობა.

„ამ წუთებში ბავშვს ოპერაცია უტარდება“, - განუცხადეს სააგენტო „რესს“ საავადმყოფოში.

ე.წ. გენერალური პროკურატურა კი, შესაბამისი მასალების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრავს.

XS
SM
MD
LG