Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურა, როგორც სიზმრისეული უსასრულობა: ფრანც კაფკა და მოუხელთებელი „კაფკიანური“


სალომე ასათიანის პოდკასტი

„მე არაფერი ვარ, თუ არა ლიტერატურა - არც შემიძლია და არც მსურს ვიყო რაიმე სხვა“.

ეს სიტყვები ფრანც კაფკას ეკუთვნის - 1883 წლის 3 ივლისს, იმ დროს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის სიდიდით მესამე ქალაქში, პრაღაში, შეძლებული ებრაელების ოჯახში დაბადებულ, გერმანულენოვან მწერალს. ავტორს, რომელმაც ლიტერატურის ისტორიას დაუვიწყარი სახეების გალერეა შემატა - ერთ დილით შფოთიანი სიზმრებიდან გამორკვეული და მწერის მსგავს საზარელ არსებად გადაქცეული გრეგორ ზამზა; უსახელო დანაშაულისთვის იდუმალი ინსტიტუციის მიერ დაპატიმრებული და ქვის სამტეხლოში რიტუალურად, გრძელი დანით სიკვდილით დასჯილი იოზეფ კ.; პატიმრები სადღაც, შორს მდებარე სადამსჯელო კოლონიაში - რომელთა სხეულებზეც წამების მანქანა დარღვეულ კანონებს ორნამენტებიანი შრიფტით ტვიფრავს; სიზმრისეულ სოფელში ჩასული მიწისმზომელი, რომელიც თვლის, რომ იქ დამკვიდრება მისი „უფლებაა“ - მაგრამ, თოვლში უიმედოდ დაკარგული, იდუმალ გოდოლში შესვლის გზებს ისევ და ისევ დაეძებს.

კაფკას პრაღა
please wait

No media source currently available

0:00 0:21:09 0:00

კაფკას მგრძნობელობა უნიკალური და სპეციფიკურია - სიზმრისეული, დამზაფვრელი სამყარო, ბუნდოვანი ინსტიტუციებით, გაუგებარი დანაშაულებით, უსასრულო ბიუროკრატიით, დეზორიენტირებული, დაკარგული ადამიანებით, იარებიანი სხეულებით, ავტორიტარი მამებით, უმიზნო სისასტიკით და იდუმალი ფაუნიდან ადამიანთა რეალობაში შემოჭრილი, გროტესკული ცხოველებით - მწერებით, მღრღნელებით, ძაღლებით, ტურებით, პრიმატებით.

შესაბამისად, კაფკას ლიტერატურასთან მიმართებით ხშირად მოისმენთ თავისთავადაც ბუნდოვან, ცოტა არ იყოს ზარმაც ეპითეტებს - „ენიგმა“, „დამზაფვრელი აბსურდი“, „სიბნელე, რომელიც მნიშვნელობას შთანთქავს“. კაფკას ნაწარმოებებს - შესაძლოა ისე, როგორც სხვა არც ერთი ავტორისას - თეორეტიკოსების მთელი არმიები სწავლობდნენ და სწავლობენ, მაგრამ ამ მწერლის მემკვიდრეობაში მაინც რჩება რაღაც, რაც თითქოს მუდმივად გისხლტება ხელიდან, თითქოს მოუხელთებელია ლიტერატურის წაკითხვის დამკვიდრებული ფორმებისთვის. „ჩვენ ბუნდოვნად ვგრძნობთ - ფაქტობრივად ვიცით, რომ კაფკას ტექსტებში ყოველთვის რაღაც უფრო მეტი ხდება - რაღაც, რაც ალბათ უკავშირდება სექსს ან ძალადობას ან ოჯახებს ან მეტაფიზიკას - მაგრამ აზრზე არ ვართ ეს ‘რაღაც’ რა ჯანდაბა შეიძლება იყოს“, წერს ერთ-ერთი ფრუსტრირებული კრიტიკოსი. მაგრამ კაფკას პარადოქსულობა ისიცაა, რომ მისი ნაწარმოებების წაკითხვას დიდად არც საგანგებო მომზადება სჭირდება, და არც ლიტერატურის თეორიისა თუ ისტორიის სიღრმეების ფლობა - მისით მონუსხული რჩება გაუცხოებული თინეიჯერიც და პრესტიჟული უნივერსიტეტის ავტორიტეტიანი პროფესორიც.

კაფკას შესახებ ხშირად მოისმენთ, რომ ის იყო მოდერნულ სამყაროში ადამიანის გაუცხოების, ეგზისტენციური შფოთვის, დანაშაულის, თუ აბსურდულობის განცდის ზუსტი და შემზარავი აღმწერი - მაგრამ მისი ტექსტები და სახეები ასევე მიემართება არქაულ, მითოლოგიურ სამყაროს და წარმოსახვას. მისი „პროცესი“ არის თანამედროვე, მოდერნული წესრიგის ბიუროკრატიული, დამაბნეველი, უსახო მხარეების დამზაფვრელი აღწერა - თუმცა ის, ამავდროულად, გამოიხმობს პრეისტორიულ დროს, თავისი სასტიკი და დაუწერელი კანონებით. კაფკასთან გაუცხოება საკუთრივ გაუცხოების მდგომარეობისგანაც ხდება - „გარდასხვაში“ გრეგორ ზამზა უბრალოდ მორიდებულად ეგუება ახალ ფიზიკურობას, თავის ახალ, საზარელ სხეულსა და მდგომარეობას, სანამ მოთხრობის ბოლოს რაღაცნაირ მისტიკურ გარინდებულობაში გარდაიცვლებოდეს.

ბუნდოვან სასამართლოსთან და იდუმალ გოდოლთან ერთად, კაფკასთან დამთრგუნველი ძალაუფლების ცენტრს ქმნიან მამები - რომლებიც თან რეალისტურები არიან, თან მითოლოგიურები და მარადიულები, აშკარად შთაგონებულები კაფკას ბიოგრაფიითა და ავტორიტარი მამით, ჰერმან კაფკათი, რომელიც, თავისი დიდი სხეულით, შვილისთვის თითქოს მთელ სამყაროს ჩრდილავდა - „ზოგჯერ წარმოვიდგენ მსოფლიოს გაშლილ რუკას, და შენ, მის გასწვრივ დიაგონალურად გაწოლილსო“, მიმართავდა კაფკა მამას. იატაკზე მხოხავ გრეგორ ზამზას მამა - ძველ აღთქმაზე და სამოთხიდან განდევნაზე გარდაუვალი ალუზიით - ვაშლებს დაუშენს და მოურჩენელ ჭრილობას მიაყენებს ზურგზე; გრეგორს განრისხებული მამამისის ხმა ისე ჩაესმის, თითქოს ეს მხოლოდ ერთი მამის ხმა არ იყოს. მოთხრობაში „განაჩენი“ დაუძლურებული, ავადმყოფი მამა უეცრად საწოლიდან წამოიმართება, თითქოს მითებიდან გადმოსულ ულმობელ პატრიარქად გადაიქცევა და შვილს - გეორგს - სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს - დახრჩობით.

და ამავე დროს, „ტანჯვის ლიტერატურულ ათლეტად“ წოდებული კაფკა მომენტებში გაუსაძლისად სასაცილოა. მწერად გაღვიძებული ზამზა იმაზე დარდობს, რომ მატარებელი გაასწრებს და სამსახურში დააგვიანდება; გაუგებარი დანაშაულისთვის დაპატიმრებული იოზეფ კ. აპირებს მცველებს თავისი კანონმორჩილი მოქალაქეობის დასტურად ველოსიპედის ფლობისა და ტარების მოწმობა წარუდგინოს. მაიმუნი სახელად წითელი პეტერი აკადემიის წევრებს მოხსენებითი ბარათით უყვება თავის მაიმუნურ წარსულზე და იმაზე, თუ როგორ ისწავლა ადამიანის მსგავსი ქცევა; პოსეიდონი კი უკმაყოფილო და დაღლილი მენეჯერია, რომელმაც არ იცის წყლები როგორ მართოს.

„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდში „კაფკას ენიგმის“ ლაბირინთებში ძალიან გამორჩეული სტუმარი გაგვიწევს მეგზურობას - სტენლი კორნგოლდი, პრინსტონის უნივერსიტეტის გერმანული და შედარებითი ლიტერატურის ემერიტუსი პროფესორი, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი ფიგურა კაფკას მემკვიდრეობის მკვლევართა შორის.

სტენლი კორნგოლდი
სტენლი კორნგოლდი

პროფესორი კორნგოლდი, რომელიც კაფკას ექვსი ათწლეულია იკვლევს, აგვიხსნის კაფკას წარმოსახვიდან ამოზრდილი ზედსართავის, „კაფკიანურის“ მნიშვნელობას - კაფკას სამყაროს, რომელშიც რეალურ სიტუაციაში, ვთქვათ ოჯახის საძინებელში, ან რომელიმე საჯარო ინსტიტუციაში ვართ, მაგრამ ვართ აბსოლუტურ დაბნეულობასა და დაზაფრულობაში, რადგან ეს ნაცნობი რეალობა უეცრად იწყებს ძალიან უცხო, უცნაური და შემაშინებელი, ელემენტების გამოვლინებას; მოგვიყვება კაფკას ტექსტების ფრაგმენტულ, თავისთავადაც უსასრულო ფორმაზე - უმრავლესობა მწერლის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, ისე, რომ დასრულებული არ იყო. ფრანც კაფკა 1924 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა ტუბერკულოზით, ვენასთან ახლოს მდებარე სანატორიუმში - მას ერთი თვე აკლდა 41 წლის ასაკის მიღწევამდე.

ეპიზოდში ბევრს ვილაპარაკებთ „გარდასახვაზე“ - მათ შორის იმაზე, თუ რატომ არ არის გრეგორ ზამზა უბრალოდ „მწერი“, და რას ნიშნავს ძველი გერმანული, იდუმალი სიტყვა Ungeziefer, რომელსაც კაფკა აქ გრეგორ ზამზას, როგორც ტოტალური მარგინალის ახალი ინკარნაციის აღსაწერად იყენებს; ვილაპარაკებთ კაფკას ბიოგრაფიაზეც - მათ შორის მის ხანგრძლივ სამუშაო გამოცდილებაზე მუშათა უბედური შემთხვევებისგან დაზღვევის ინსტიტუტის იურისტად, და იმ გავლენაზე, რომელიც ამ გამოცდილებამ მისი ლიტერატურის სამყაროზე იქონია.

კაფკა - სიტყვების, ენის, მეტაფორის, ასოციაციური აზროვნების ოსტატი - ამავდროულად ღრმა სკეპტიციზმით ეკიდებოდა ენის შესაძლებლობებს, რადგან თვლიდა, რომ ჩვენი არსებობის ყველაზე სიღრმისეული მექანიზმები სიტყვებით არც აიხსნება, და არც გამოიხატება. „მეტაფორები ერთ-ერთია იმ ბევრი რაღაციდან, რაც წერისას სასოწარკვეთაში მაგდებს“ - წერს კაფკა თავის დღიურში. „რა საცოდავად მწირია ჩემი ცოდნა ჩემი თავის შესახებ - იმასთან შედარებით, როგორც, ვთქვათ, ჩემს ოთახს ვიცნობ“ - ამბობს ის სხვაგან.

სიტყვებთან და ენასთან კაფკას კომპლექსურ მიმართებას სტენლი კორნგოლდი ეპიზოდის ბოლოს დეტალურად აგვიხსნის - რადგან, შესაძლოა სწორედ ამ მიმართებაში ვიპოვოთ იმ "დამზაფვრელი სიბნელის" გასაღები, რომელიც - გავრცელებული აღქმით - კაფკას შემოქმედებაში უსასრულო მნიშვნელობებს შთანთქავს.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG