Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: უკრაინაში ფრონტზე უახლოეს ხანში არ იქნება სერიოზული ცვლილებები


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე კოლინ კალი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე კოლინ კალი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, კოლინ კალმა, სამშაბათს კონგრესში გამართულ მოსმენაზე უკრაინის ფრონტზე შექმნილი ვითარება შეაფასა როგორც „დარტყმების გამომფიტავი გაცვლა-გამოცვლა“ და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთი დიდი ალბათობით ვერ შეძლებს მნიშვნელოვან წინსვლას.

„შესაძლოა უახლოეს კვირებსა და თვეებში დაინახოთ, ტერიტორიის მცირე მონაკვეთები როგორ გადავა ხელიდან ხელში. მე ვერ ვხედავ ვერაფერს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსები უკრაინაში მნიშვნელოვან ტერიტორიებს ჩაიგდებენ ხელთ დაახლოებით უახლოესი ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა კოლინ კალმა.

კონგრესმენთა შეკითხვაზე, რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მიერ სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერებას, კალმა თქვა, რომ რუსეთს არ შესწევს ბირთვული გამალებული შეიარაღების განუსაზღვრელად წარმოების უნარი.

„მათ არა აქვთ ფული, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ მათს არმიაზე ტვირთს ომის, სანქციებისა და საექსპორტო კონტროლის გამო. ვფიქრობ, ეს მისთვის (პუტინისთვის) იყო ხმამაღალი სათაურების შექმნის საშუალება. მაგრამ მიმაჩნია, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით ამას ვითარება არ შეუცვლია“, - თქვა კალმა.

მისი თქმით, რუსეთი ისედაც არ იცავდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რაც, სხვათა შორის, ერთმანეთის ბირთვული შეიარაღების კონტროლს ითვალისწინებდა. „ასევე საინტერესოა, რომ პუტინმა გადაწყვიტა, შეეჩერებინა ხელშეკრულება და არა დაეტოვებინა ის. ვფიქრობ, ფაქტობრივად ეს აჩვენებს, რომ ეს არაეფექტიანი ბერკეტია ჩვენ წინააღმდეგ“, - განაცხადა კოლინ კალმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავდაცვის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.

XS
SM
MD
LG