Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეთა აქცია


ისრაელის მთავრობის მიერ ინიციირებული სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების ნაწილი თელ-ავივში. 2023 წლის 1 მარტი
ისრაელის მთავრობის მიერ ინიციირებული სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების ნაწილი თელ-ავივში. 2023 წლის 1 მარტი

ისრაელში გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო აქციები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციურ მთავრობას სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

1 მარტს დემონსტრანტებმა თელ-ავივში რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა და აქციის სულ მცირე 39 მონაწილე დააკავა.

სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, დემონსტრანტების ნაწილმა ალყა შემოარტყა სალონს, სადაც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ცოლი, სარა იმყოფებოდა. აქციის მონაწილეები ყვიროდნენ, რომ ქვეყანა ცეცხლშია, სარა კი ვარცხნილობას იკეთებს. პრემიერ-მინისტრის ცოლი სალონიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს.

თავად ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დემონსტრაციების უფლება არ ნიშნავს ანარქიას, ამიტომ არავის მისცემენ ძალადობის და კანონის დარღვევის უფლებას.

ისრაელის ქალაქებში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც იანვარში მთავრობამ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებას აფართოებს და სასამართლოს უზღუდავს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე ვეტოს დადების უფლებას. ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმის მიზანია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ბალანსის აღდგენა. 20 თებერვალს ისრაელის პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კიდევ ერთი სადავო საკითხია მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ტერორიზმში ბრალდებულთა სიკვდილით დასჯას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG