Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილი: მე რომ გუდიაშვილის მოედანს ვიცავდი, აგენტი ვიყავი?!


„მე რომ გუდიაშვილის მოედანს ვიცავდი, აგენტი ვიყავი?!“ - მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტების დაძაბული განხილვისას.

თბილისის ჰამქრის" თავმჯდომარე ვიყავი. მერე ხომ კარგად გიხაროდათ გუდიაშვილის მოედანი რომ კარგად გაკეთდა?! ჩემი და ჩემი მეგობრების ნერვების ხარჯზე! აგენტები ვიყავით და ჯაშუშები?! იმელის შენობა რომ დგას, საშიში რომ იყო აქციაზე, რამდენი იდექით ჩემთან ერთად მაშინ აქციაზე?!“ - თქვა ელისაშვილმა საგარეო ურთიერთობისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ელისაშვილს უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ და „დიდი პატივისცემა“ გამოუცხადა არასამთავრობო სექტორში საქართველოს სასიკეთოდ მომუშავე ადამიანებს.

„არავინ ამ კანონპროექტით არავის არ არქმევს არც ჯაშუშს და არც აგენტს. ეს არ არის სიმართლე“, - განაცხადა სამხარაძემ.

მისივე მტკიცებით, კანონპროექტის მიღება-არმიღება გადაწყდება ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით.

„თუ იქცევა კანონად, იქნება ისეთი, რომ არ შეუშლის ხელს ევროპულ ინტეგრაციას“, - თქვა სამხარაძემ.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა - ეს კანონპროექტი სახელწოდებით "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ", პარლამენტში 27 თებერვალს დარეგისტრირდა.

"ქართული ოცნება" და "ხალხის ძალა" ამბობენ, რომ "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონი საჭიროა ფინანსების გამჭვირვალობისთვის, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევენ, რომ ეს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და კრიტიკული ხმის "მოგუდვის" მცდელობაა.

XS
SM
MD
LG