Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორძაია წილოსანს: თუ არ გაქვს წაკითხული, კომპეტენცია თუ არ გაქვს, ნუ ლაპარაკობ


საქართველოს პარლამენტი. ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ
საქართველოს პარლამენტი. ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ

„უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვაზე „ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი გამოვიდა ინიციატივით, რომ ცვლილება შევიდეს ტერმინოლოგიაში. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, წილოსანმა თქვა, რომ მასზე არავის უნდა ჰქონდეს უარყოფითი დამოკიდებულება.

წილოსანს გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია და ჰკითხა, ჰქონდა თუ არა წაკითხული ლუქსემბურგში მდებარე ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება ანალოგიური კანონის შესახებ.

„რაღაცნაირად მინდა დავუბრუნდეთ, რეალურად რაც არის ამ კანონპროექტებში სამსჯელო. თუ იმას ჩავთვლით, რომ არ მგონია, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან წამოსული დაფინანსებები ვინმეს დასამალი ჰქონდეს, ტრანსპარანტულობა და გამჭვირვალობა არა მგონია, რომ ამ კანონის პრობლემა იყოს. მე მინდა დავასახელო რეალურად რაზეც არის შფოთვა - ეს არის უცხოური გავლენის აგენტი, - თქვა წილოსანმა და დაამატა, - მე რაც მინდა შემოგთავაზოთ და გთხოვოთ, ვიმსჯელოთ დასახელებაზე და მივიღოთ იმ დათქმით ეს კანონი, რომ დასახელება იყოს ისეთი, რომ არ მოახდინოს სექტორში, ამ სფეროში მომუშავე უამრავი მართლა კეთილსინდისიერი ორგანიზაციის, ადამიანის დისკრედიტება. თავისთავად, დარწმუნებული ვარ და ვისთანაც მქონია კომუნიკაცია, არავის არ უნდა ჰქონდეს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან პრობლემა. ამიტომ ვაყენებ ამ წინადადებას, რომ დასახელებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვისაც გარკვეულ დისკომფორტს და სერიოზულ შფოთვის საგანს წარმოადგენს, იყოს კონსენსუსი მიღწეული".

ნინო წილოსანს ლაპარაკში თამარ კორძაია ჩაერთო და მიმართა: „ვისი სახელით ლაპარაკობ?" წილოსანმა უპასუხა: „ჩემი სახელით ვსაუბრობ და ვინც როდის გამოხვალთ, მერე გააგრძელეთ საუბარი“. კორძაიამ კი თავის მხრივ თქვა: „თუ არ გაქვს წაკითხული, ამ წინადადებებს ნუ სთავაზობ, იმიტომ რომ თავზე გვამხობ შენც ყველაფერს ამ შემთხვევაში. ლუქსემბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში რაც წერია, თუ არ გაქვს წაკითხული, კომპეტენცია თუ არ გაქვს, ნუ ლაპარაკობ".

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატების ნაწილი იძულებით გაიყვანეს პარლამენტის მანდატურებმა. ამასთან, დასწრების საშუალება არ მისცეს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების დიდ ნაწილს.

საქართველოს პარლამენტის შენობაში და გარეთ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები აქციას მართავენ.

პარლამენტში ისმის სკანდირება: "არა რუსულ კანონს!", "მონებო!", "აღარ მოღალატეებს!"

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა - ეს კანონპროექტი სახელწოდებით "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტში 27 თებერვალს დარეგისტრირდა.

XS
SM
MD
LG