Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვის პარალელურად ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. სალომე ზურაბიშვილი არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელ დეპუტატს მიემართება მისი განცხადება.

"ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია.

ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული სადავო კანონპროექტები განიხილება, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა თქვა: "მე არ მინდა ისეთი ევროპა, რომელიც უკანონობას მაძალებს. დიახაც, არ მინდა ასეთი ევროპა!"

მისი ეს განცხადება მოჰყვა გამონათქვამებს იმის შესახებ, რომ "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია და მიზანიც განსხვავებული აზრის ჩახშობა, კრიტიკული ხმის გაქრობა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების მოგუდვაა. ამ კანონის მიღების მოწინააღმდეგეებმა დღეს არაერთხელ თქვეს კომიტეტის სხდომაზე, რომ მას ეწინააღმდეგებიან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი.

"27 ქვეყანა, კონგრესმენები, ელჩები მოგვიწოდებენ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გავუშვათ სხვა ქვეყანაში - დავარღვიოთ კანონი, კონსტიტუცია, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა. თუ ეს ასე არ არის, შეგიძლიათ თქვენ მიკარნახოთ, როგორ არის შესაძლებელი, ამ დარღვევების გარეშე, მათი მოწოდებით ჩვენ გავუშვათ მიხეილ სააკაშვილი. მე თავისუფალ ადამიანს, პარლამენტის წევრს, მაქვს თუ არა უფლება ამას შევეწინააღმდეგო და ვთქვა, რომ ეს არ არის ევროპა და ევროპული ღირებულებები, ეს პირიქით არის. მე ვინც მომიწოდებს, რომ ადამიანის უფლებები დავარღვიო, კანონი დავარღვიო, კონსტიტუცია დავარღვიო, დიახაც, მე არ მინდა ასეთი ევროკავშირი! მე ვიცი, რა არის ევროპა. მე მინდა ევროკავშირი!“, - განაცხადა ყაველაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

XS
SM
MD
LG