Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრიოდერი პუტინთან კავშირების მიუხედავად დარჩება გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში


გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი (მარჯვნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. სანქტ-პეტერბურგი, 2012 წ. 21 ივნისი.
გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი (მარჯვნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. სანქტ-პეტერბურგი, 2012 წ. 21 ივნისი.

გერმანიის ექს-კანცლერის გარიცხვა მოითხოვა 17-მა რეგიონულმა პარტიულმა გაერთიანებამ. თავიანთ განცხადებაში მათ მიუთითეს, რომ შრიოდერი მოსკოვსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არასაკმარისად გაემიჯნა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ.

ამასთან, ყოფილი კანცლერის კრიტიკოსები მიუთითებდნენ მის კავშირებზე რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორთან.

თავის მხრივ შრიოდერის თანამებრძოლები აღნიშნავენ, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ შრიოდერი გაემიჯნა კრემლს.

2022 წლის აგვისტოს შემდეგ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სპეციალურმა კომისიამ ვერ გამონახა პარტიიდან შრიოდერის გარიცხვის საფუძველი. კომისიამ განაცხადა, რომ შრიოდერის საქმიანობით არ დარღვეულა პარტიის პრინციპები. მას მხარდაჭერა არ გამოუხატავს უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ და არ გაუმართლებია თავდასხმა. პუტინთან მეგობრობა პირადი ცხოვრების სფეროს განეკუთვნება, მიაჩნია კომისიას, რუსული სახელმწიფო კონცერნების მაღალი თანამდებობებიდან კი შრიოდერი უკვე წასულია.

გერჰარდ შრიოდერი 1998-2005 წლებში იყო გერმანიის კანცლერი. გადადგომის შემდეგ ის მონაწილეობდა რუსეთთან დაკავშირებულ პროექტებში, მათ შორის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადში“.

XS
SM
MD
LG