Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში ნობელის პრემიის ლაურეატ ალეს ბიალიაცკის ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ალეს ბიალიაცკი
ალეს ბიალიაცკი

3 მარტს მინსკის ლენინის რაიონულმა სასამართლომ ბელარუს უფლებადამცველს, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატ ალეს ბიალიაცკის სასჯელაღსრულების კოლონიაში 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ბიალიაცკისთან ერთად გაასამართლეს ასევე მისი კოლეგები, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „ვიასნის“ წევრები - ვალენტინ სტეფანოვიჩს 9 წელი მიუსაჯეს, ვლადიმერ ლაბკოვიჩს – 7 წელი, დიმიტრი სოლოვიოვს, რომელიც დაუსწრებლად გაასამართლეს - 8 წელი.

უფლებადამცველები დამნაშავედ ცნეს 2020 წელს ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაფინანსებასა და სხვადასხვა საშუალების კონტრაბანდაში. ისინი არ აღიარებდნენ დანაშაულს და ამბობდნენ, რომ მათი დევნა პოლიტიკურ ნიშანს ატარებს.

60 წლის ბიალიაცკი ადამიანის უფლებათა ვეტერანი აქტივისტია. მისი დაფუძნებულია „ვიასნა“ („გაზაფხული“), ბელარუსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძველი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც შექმნიდანვე იყო ლუკაშენკას ხელისუფლების სამიზნე.

  • 2011 წლის 4 აგვისტოს ბიალიაცკი დააპატიმრეს. მას ფორმალურად ბრალად წაუყენეს გადასახადებისგან თავის არიდება - „განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოგების მიჩქმალვა“.
  • ევროკავშირმა, წევრმა სახელმწიფოებმა და შეერთებულმა შტატებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ბიალიაცკი პოლიტიკური პატიმარი იყო და ბელარუსის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
  • საბოლოოდ, ბიალიაცკი პატიმრობის ვადის გასვლამდე 20 თვით ადრე, 2014 წლის ივნისში, გაათავისუფლეს. მან პატიმრობაში 3 წელიწადზე მეტხანს დაჰყო.
  • ათწლეულების განმავლობაში ადამიანის უფლებების დასაცავად უწყვეტი ბრძოლის გამო, 2022 წელს ბიალიაცკის ნობელის პრემია გადაეცა. პრემიის ლაურეატები მასთან ერთად გახდნენ რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ და უკრაინული „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი“.
XS
SM
MD
LG