Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: ბერლინი და ვაშინგტონი „ფეხაწყობილი“ არიან უკრაინის დახმარების საქმეში


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თეთრ სახლში. ვაშინგტონი, 3 მარტი.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თეთრ სახლში. ვაშინგტონი, 3 მარტი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 3 მარტს თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ გფრ-ს ლიდერის მხარდაჭერას უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ბერლინი და ვაშინგტონი „ფეხაწყობილი“ მიდიან ამ საქმეში.

„თქვენ გააქტიურდით და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გასწიეთ. მე ვიტყოდი, სამხედრო დახმარების გარდა თქვენ უკრაინელებს დიდი მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინეთ,“ თქვა ბაიდენმა.

„თქვენ შინ ისტორიული ცვლილებები დაიწყეთ: გაზარდეთ თავდაცვის ხარჯები და ენერგიის დივერსიფიკაცია, რუსეთიდან იმპორტი შეამცირეთ. მე ვიცი, ეს იოლი არ იყო, ძალზე რთული იყო თქვენთვის,“ თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შოლცმა პასუხად თქვა, რომ გერმანია უკრაინას იმდენად დაუჭერს მხარს, რამდენადაც საჭირო იქნება.

„ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი წელია მშვიდობისთვის ძალიან სახიფათო მუქარის გამო, რომელიც რუსეთისგან მომდინარეობს უკრაინაში შეჭრის გამო,“ თქვა შოლცმა. „ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ შეთანხმებულად, რომ კოორდინაცია გავუწიოთ ჩვენს ძალისხმევას და შესაძლებელი გავხადოთ უკრაინისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა მთელი ამ ხნის განმავლობაში“.

შოლცის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ბაიდენმა Abrams-ის ტიპის ტანკები გაგზავნა უკრაინაში მხოლოდ იმიტომ, რომ შოლცმა ეს გერმანული Leopard 2-ების მიწოდების წინასწარ პირობად დაასახელა.

ბაიდენმა ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო სამხედროთა რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ. ამის თაობაზე სალივანმა ABC News-სთან ინტერვიუში ილაპარაკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG