Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუნივერსიტეტო საზოგადოების პეტიცია: უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს


ფოტო პარლამენტთან გამართული აქციიდან
ფოტო პარლამენტთან გამართული აქციიდან

საუნივერსიტეტო სფეროს წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტებს, რომლითაც საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ, თავისუფლების, ცოდნისა და მომავლის კონტროლად აფასებენ. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიმართ პეტიციას 700-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა, ამ დროის [4 მარტი, 19:00 საათი] მონაცემებით.

"მიგვაჩნია რა, რომ რომელიმე მათგანის კანონად ქცევის შემთხვევაში, ძალაუფლება შეიძენს საზოგადოებაზე ბატონობის პოტენციურად ტოტალიტარულ ინსტრუმენტებს. ვფიქრობთ, რომ ამ ინსტრუმენტების თუნდაც ნაწილობრივ გამოყენება შეუქცევადად დააზიანებს იმ საზოგადოებრივი წესრიგის პერსპექტივას, რომლის შექმნის მიზანსაც, საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნების დროიდან, ჩვენი საქმიანობა მივუძღვენით.

გვჯერა, რომ განათლება თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოების საძირკველია, რომლის მიწოდებაშიც ჩვენ - უმაღლესი განათლებისა და აკადემიური კვლევის დაწესებულებები - ძირითადი მოქმედი პირები ვართ. ამ ფუნქციას ვასრულებთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებიც შექმნილნი არიან გაერთიანებისა და სამეწარმეო თავისუფლებების საფუძველზე და შეადგენენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას", - წერია მიმართვაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ეს კანონი შეზღუდავს უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაწესებულებებსაც, რაც საქართველოს მსგავსი მცირერიცხოვანი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"საერთაშორისო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან პერსონალურ, პროფესიულ და ინსტიტუციურ კავშირებს ემუქრებათ გაწყვეტა „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით გამოწვეული სტიგმის ძალით. კანონის მსუსხავი ეფექტი გამოიწვევს პერსონალის მასობრივ გადინებას უცხოეთში და მათ მოწყვეტას საქართველოს აკადემიური სფეროდან...

საქართველოს საგანმანათლებლო და აკადემიური სივრცის ფაქტობრივი იზოლაცია მოკლავს საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების კონსოლიდაციის პერსპექტივას, მოსპობს რა განათლებული და ინფორმირებული მოქალაქის აღზრდის ინსტიტუციურ საფუძვლებს", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ჩაატაროს კვლევა. "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციისთვის თავის არიდების ან დეკლარაციის არშევსებისთვის ორგანიზაცია 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.

კანონპროექტის პირველი ვერსიის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა. "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" მეორე კანონპროექტი პარლამენტში 27 თებერვალს დარეგისტრირდა.

"ხალხის ძალის" განცხადებით, მათ "ქართულ ოცნებასთან" ერთად გადაწყვიტეს, რომ კანონპროექტის ორივე ვერსიას ვენეციის კომისიას შეაფასებინებენ და ივნისის ბოლომდე ერთ-ერთ მათგანს დაამტკიცებენ, თუმცა ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე, კანონპროექტები პირველი მოსმენით მიღებული ექნებათ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და, ამავდროულად, ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".

XS
SM
MD
LG