Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვითარება კრიტიკულია ბახმუტში, იუწყებიან, რომ მოქალაქეები ქალაქს ფეხით ტოვებენ


უკრაინელი სამხედრო ბახმუტის ფრონტის ხაზზე, 3 მარტი, 2023
უკრაინელი სამხედრო ბახმუტის ფრონტის ხაზზე, 3 მარტი, 2023

რუსეთის ძალების მხრიდან ინტენსიური შეტევის ქვეშ მყოფი ბახმუტიდან - უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქიდან - ვრცელდება ცნობები, რომ მოქალაქეები ქალაქს ფეხით ტოვებენ. რუსეთის არმია განაგრძობს იერიშებს, მათ ცეცხლი გაუხსნეს უკანასკნელ ღია გზებს ქალაქიდან. კიევი აცხადებს, რომ უკრაინელი მცველებისთვის ვითარება კრიტიკულია, თუმცა ისინი განაგრძობენ რეგიონში რუსეთის შეტევების მოგერიებას.

უკრაინის სამხედროებმა 4 მარტს სააგენტო ასოშიეიტედ პრესს (AP) უთხრეს, რომ რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი დაიღუპა და მძიმედ დაიჭრა ორი კაცი, მაშინ, როცა ისინი ბახმუტის დატოვებას სახელდახელოდ აგებული ხიდით ცდილობდნენ. ერთი დღით ადრე რუსეთის გასამხედროებული ჯგუფი, "ვაგნერი" აცხადებდა, რომ ქალაქი თითქმის მთლიანად იყო ალყაში მოქცეული.

AP უკრაინის არმიის ანონიმურად დატოვებულ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის იერიშების გამო ამჟამად სამოქალაქო პირებისთვის ძალიან სახიფათოა ბახმუტის მანქანით დატოვება, და ამიტომ ბევრი მოქალაქე იძულებულია ფეხით წავიდეს.

დასავლელი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ბახმუტში ვითარება კრიტიკული რჩება და უკრაინელ მცველებზე ხორციელდება მზარდი ზეწოლა, ქალაქში, რომლის მოსახლეობაც ომამდე 70,000-მდე ადამიანს შეადგენდა.

აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში უკრაინის არმიამ მოიგერია რუსეთის მხრიდან 150-ზე მეტი შეტევა ბოლო დღის განმავლობაში, ბახმუტის, ლიმანის, ავდეევკასა და სხვა მიმართულებებით - აცხადებს გენერალური შტაბი და დასძენს, რომ "მტერი დაუღალავად ცდილობს ბახმუტისთვის ალყის შემორტყმას".

უკრაინის ოფიციალურ პირებს ნათქვამი აქვთ, რომ მათ არმიას შესაძლოა ბახმუტის დატოვება მოუწიოს, თუკი ქალაქის დაცვა დიდ დანაკარგებს მოიტანს - ამ შემთხვევაში ისინი გადანაწილდებიან სხვა პოზიციებზე დასავლეთსა და ჩრდილოდასავლეთში, სადაც, გავრცელებული ცნობებით, უკრაინელებს ბევრად უფრო ძლიერი თავდაცვითი პოზიციები აქვთ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 მარტს გამოაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ჩავიდა ფრონტის ხაზთან მიმდებარე არეალებში და მოინახულა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ძალების სარდლობის პუნქტი. სამინისტროს არ დაუკონკრეტებია შოიგუს ზუსტი ადგილმდებარეობა.

XS
SM
MD
LG