Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა შეეფარდა მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე


მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს, გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გიგა გიგაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საქალაქო სასამართლომ - გიგაშვილს ბრალი პროკურატურამ ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს წარუდგინა. მას ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა ედება, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ. დაცვის მხარე ითხოვდა აღკვეთის გარეშე დატოვებას ან თავისუფლებას 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. თავად გიგაშვილს პროცესზე სიტყვის უფლება არ გამოუყენებია.

გიგაშვილთან ერთად განიხილებოდა ვაკის პარკის შადრევნის საქმეში მეორე ახალი ბრალდებულის, კომპანია ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტის, ვახტანგ ლონდარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი - მას პროკურატურა ყალბი დოკუმენტაციის შედგენას და გამოყენებას ედავება. გიგაშვილის მსგავსად მოსამართლემ მასაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ლონდარიძისთვის 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. თავად ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

ტრაგედია ვაკის პარკში, რომელსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეეწირა, 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. 19 ოქტომბერს თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა მერიის გარემოს დაცვის სამასხურის ხელმძღვანელმა, გიგა გიგაშვილმა. საზოგადოების ნაწილი მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების შემდეგ ითხოვდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო და გადამდგარიყო ქალაქის მერი. კახა კალაძემ, რომელმაც შადრევანი ვაკის პარკში საზეიმოდ უბედურ შემთხვევამდე 1 დღით ადრე გახსნა, თქვა, რომ მზად იყო სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის, თუკი გამოიკვეთებოდა მისი დანაშაული მომხდარში.

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ამ დრომდე ბრალდებულია 9 ადამიანი, მათ შორის მერიის გარემოს დაცვის სამახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე და კომპანია გრინსერვის +-ის დირექტორი. სასამართლოშო ამ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG