Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკის პარკის შადრევანს და "ვარკეთილის" ჩამონგრეულ მეტროს სადგურს ექსპერტიზა ერთმა და იმავე კომპანიამ ჩაუტარა


ვაკის პარკის შადრევანსა და 2018 წლის იანვარში “ვარკეთილის” ჩამონგრეულ მეტროს სადგურს ექსპერტიზა ერთმა და იმავე კომპანიამ, შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ" ჩაუტარა. ვარკეთილის მეტროს განახლებული ჭერი გარემონტებიდან რამდენიმე თვეში ჩამოვარდა, ვაკის პარკის შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს, წყალში ჩასულ ბავშვებს კი დენმა დაარტყა.

დოკუმენტები შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან
დოკუმენტები შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან

შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო" 2022 წლის აპრილში შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა და ერთი წლით აეკრძალა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა. “სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ” აპრილში 420 ლარის ღირებულების ტენდერში მიიღო მონაწილეობა და დოკუმენტებში ექსპერტად მიუთითა ადამიანი, რომელიც რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო. სწორედ ეს გახდა მისი შავ სიაში მოხვედრის მიზეზი.

ვაკის პარკის შადრევნის და ვარკეთილის მეტროს სადგურის შემთხვევაში სხვადასხვა ეტაპის სამუშოები რამდენიმე კომპანიამ შეაფასა, მათ შორის შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ”. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელი პოლიციაში უკვე გამოჰკითხეს.

შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს" ხელმძღვანელი, ზურაბ ამირანაშვილი ამბობს, რომ თავისუფლების "არცერთ კითხვას არ უპასუხებს". მიზეზად მან დაასახელა ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც მისი კომპანიის შავ სიაში მოხვედრის მიზეზებს ეხებოდა.

არც “ვარკეთილის” მეტროს სადგურზე და არც ვაკის პარკის შადრევანზე ცალკე, “უსაფრთხოების დოკუმენტი” არ მომზადებულა, რაც არც ტენდერით ყოფილა გათვალისწინებული. თბილისის მერიამ განახლებული ინფრასტრუქტურა ექსპერტების შეფასებულ სამუშაოებზე დაყრდნობით ჩაიბარა.

“არის ექსპერტიზა, რომელიც ადასტურებს შესრულებული სამუშაოების სისწორეს, შესაბამისობას პროექტთან და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. ეს გულისხმობს, როგორც უსაფრთხოებას, ისე სხვა გამართულად მუშაობას.

ყველა ელექტრო მოწყობილობას აქვს თავისი გამოცდის აქტები, რომელიც თანდართულია ექსპერტიზის დასკვნებს..." - უთხრა ჟურნალისტებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა 15 ოქტომბერს. სწორედ მისი სამსახურის თანამშრომლები აწერდნენ ხელს ვაკის პარკის შადრევნის მიღება-ჩაბარების აქტებს.

მეტროს სადგური “ვარკეთილის” განახლება 2017 წლის სექტემბერში დასრულდა, 2018 წლის 30 იანვარს დილით კი ჭერის ჩამოიშალა. ამ დროს მეტროში ათეულობით ადამიანი იყო, მათგან 14 დაშავდა, მათი ნაწილი კლინიკებში მოხვდა. რამდენიმე თვეში ბრალი წაუყენეს რემონტის ჩამტარებელი კომპანია “ყვარელრემმშენის” აღმასრულებელ მთავარ ინჟინერსა და მენეჯერს და სარემონტო სამუშაოს პროექტის ავტორი კომპანიის “გეომეფის” აღმასრულებელ დირექტორს.

2022 წლის 13 ოქტომბერს კი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. იმის მიუხედავად, რომ “უსაფრთხოების დასკვნა” სატენდერო პირობებით მოთხოვნილი არ იყო.

“ჩვენ ვალდებულებას მომწოდებელ კომპანიას ვაკისრებთ, ნებისმიერი ნაკლოვანება ან წუნი, რომელიც შეიძლება მასალას გააჩნდეს, მისი პასუხისმგებლობაა და ის აგებს პასუხს”, - უთხრა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა ჟურნალისტებს.

ექსპერტიზაში ჩართული კიდევ ერთი კომპანიის, შპს “მშენ-ექსპერტის” დირექტორმა, ნუგზარ ქიტიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათი ვალდებულება მხოლოდ ხარჯვითი ნაწილის შემოწმება იყო და არა ხარიხის ექსპერტიზა.

“მე ვადასტურებდი ხარჯვით ნაწილს. ხარისხთან მე შეხება არ მქონდა - პასუხისმგებელი თბილისის ლაბორატორიაა… სამშენებლო ნორმები და წესები, რაც წერია ნიშნავს, რომ ხარჯვითი ნორმები როგორია, მაგალითად ბეტონი რამდენი სჭირდება. თბილისის ლაბორატორია მიგზავნიდა ფარული სამუშაოების აქტებს, რომელსაც მე ვეყრდნობოდი. შიგნით რა კაბელი და რა ტიპის არის ჩადებული, მე ხომ არ მინახავს, მე ვეყრდნობოდი აქტებს. ხარჯვით ნაწილს, რაც ჩანდა ზედაპირულად - სანათები ეყენა თუ არა და რამდენი, დანადგარი ეყენა თუ არა - ფასი დავადგინე იყო თუ არა დახარჯული”, - ამბობს საექსპერტო კომპანიის დირექტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG