Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუბლიკის და ტაბულის ჟურნალისტებს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა


პარლამენტის ბიუროზე უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის განხილვის პარალელურად ჟურნალისტები აპროტესტებენ ამ კანონს პარლემენტის შენობაში, 20 თებერვალი, 2023 წელი
პარლამენტის ბიუროზე უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის განხილვის პარალელურად ჟურნალისტები აპროტესტებენ ამ კანონს პარლემენტის შენობაში, 20 თებერვალი, 2023 წელი

ონლაინ გამოცემა პუბლიკა ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტის აპარატმა აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა მათ სამ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, ქეთი გოგუაძესა და ნათია ლევერაშვილს.

„პუბლიკას“ პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, რომ გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებას აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის პარლამენტში მუშაობის შეზღუდვაზე სამუშაო დღეს ჩააბარებენ.

„პუბლიკის“ ჟურნალისტები, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, ხუთშაბათს, 2 მარტს პარლამენტის შენობაში გაერთიანებული კომიტეტის სხდომის გამო იმყოფებოდნენ. კომიტეტზე „აგენტების შესახებ“ კანონპროექტებს განიხილავდნენ. ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდა" - წერს გამოცემა.

აკრედიტაციის შეჩერების შესახებ წერს ტაბულას რედაქტორი ცისია კირვალიძეც.

"პარლამენტმა გუშინწინ აღებული აკრედიტაცია შემიჩერა "აქციის მოწყობის" გამო. ყველაზე კარგი ამ ამბავში ის არის, რომ იმ აქციაზე, რომელზეც ლაპარაკობენ, გასაშუქებლად ვიყავი, არც ახალი მოგონილი "წესები" დამირღვევია, არც არავის გავკიდებივარ. ამისთვის დაგვირიგეს აკრედიტაციები – მერე, როცა მოუნდებათ, 1 თვით რომ აღარ შეგვიშვან პარლამენტში". – წერს კირვალიძე.

განახლება: აკრედიტაციის შეჩერების ამბის გასაჯაროების შემდეგ პარლამენტის აპარატმა ტაბულას რედაქტორსა და პუბლიკის 2 ჟურნალისტს აკრედიტაცია აღუდგინა

პარლამენტში ჟურნალისტების ქცევის წესები პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით 1 მარტიდან შეიცვალა.

ახალი წესებით, იმ მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აშუქებენ საპარლამენტო საქმიანობას, განისაზღვრა აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობა - ონლაინ მედიისთვის ეს არის არაუმეტეს 4 ჟურნალისტი.

პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, პარლამენტის შენობაში მყოფი ჟურნალისტი ვალდებულია:

  1. ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას;
  2. წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი;
  3. პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ;
  4. პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
  5. არ დაუშვას თავისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური ან დისკრიმინაციული მიმართვა ან ქმედება;
  6. დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის ან მანდატურის მითითებებს;
  7. სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს.

წესების დარღვევის შემთხვევაში, ჟურნლისტებზე სანქციებია გათვალისწინებული. თუ საპარლამენტო ჟურნალისტი ჩამოთვლილ წესებს დაარღვევს, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება, შეუჩერდეს აკრედიტაცია ერთი თვით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 6 თვით. მისი სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლება დაუშვებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG