Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის შენობაში მოვლენების განვითარების დღიდან სამსახურის არცერთი თანამშრომელი არ ყოფილა - სუსი


კორდონი პარლამენტის დერეფანში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზთან. 6 მარტი, 2023 წელი
კორდონი პარლამენტის დერეფანში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზთან. 6 მარტი, 2023 წელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში მიმდინარე მოვლენების განვითარების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა მათი სამსახურის არცერთი თანამშრომელი. სუსი "ფეიკ ნიუსებს" უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

"ზოგიერთი პოლიტიკოსი კი აკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებას, თითქოს ქართული სპეცსამსახურის მხრიდან პარლამენტში გარკვეული სახის ძალადობას აქვს ადგილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში აღნიშნული მოვლენების განვითარების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არცერთი თანამშრომელი.

პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან გაკეთებული განცხადებები სრულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ქართული სპეცსამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას. მოვუწოდებთ პარლამენტის ტერიტორიაზე მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - წერია უწყების განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, თუმცა დარბაზში შესვლა შეზღუდულია. დარბაზამდე მისასვლელი გზა გადაკეტილია და იქ შეუშვეს მხოლოდ ისინი, ვინც სპეციალურ სიაშია.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზში შესვლა შეძლეს, კანონპროექტების განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. დარბაზიდან კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გააძევა ათამდე დეპუტატი, სხდომის დაწყებიდან პირველივე საათში ორი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ოპონენტები არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა. მან "უსამშობლო კაცი" უწოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და რეაგირების გარეშე დატოვა თანაპარტიელების ხმამაღალი რეპლიკები ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთ. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.

XS
SM
MD
LG