Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხამენეი "უპატიებელ დანაშაულს" უწოდებს დაავადების ტალღას, რომელმაც ირანელი მოსწავლეები მოიცვა


ოჯახების საპროტესტო აქცია თეირანში. 4 მარტი, 2023 წელი
ოჯახების საპროტესტო აქცია თეირანში. 4 მარტი, 2023 წელი

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი "უპატიებელ დანაშაულს" უწოდებს დაავადების ტალღას, რომელმაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სკოლის მოსწავლე ასობით გოგონა მოიცვა ქვეყნის მასშტაბით. ის აცხადებს, რომ ამას "მკაცრი სასჯელი" უნდა მოჰყვეს.

გავრცელებული ცნობებით, პირველი ინციდენტი მოხდა ნოემბერში, როცა ქალაქ ყომში სკოლის 18 მოსწავლე გოგონა საავადმყოფოში მოხვდა, მათ შორის ღებინების, თავის ტკივილის, ხველის, სუნთქვის გართულების, გულისცემის გახშირების და კიდურების სისუსტისა და ტკივილის სიმპტომებით.

მას შემდეგ გამოვლინდა ასობით მსგავსი შემთხვევა, თუმცა ის, თუ რა შეიძლება იწვევდეს ამ დაავადებას, კვლავ უცნობია. დაავადებული გოგონების ნაწილი ამბობს, რომ მათ იგრძნეს ქლორის თუ დასუფთავების საშუალებების სუნი, ნაწილი კი იხსენებს, რომ ჰაერში ციტრუსის არომატი იყო.

იდუმალი დაავადებით ბევრი ახალგაზრდა ქალი და გოგონა მოხვდა საავადმყოფოებში, რასაც მოჰყვა მშობლების და ფართო საზოგადოების სიბრაზე ხელისუფლების მიმართ, რომელიც ვერ ახერხებს დაავადების მიზეზის დადგენას. ამ პროცესებს ფონად უდევს უფრო ფართო დაძაბულობა ქალების უფლებების, კანონის უზენაესობის და დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების გამო.

"ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა გამოიძიოს მოსწავლეთა მოწამვლის საკითხი", - ხამენეის ამ სიტყვებს სახელმწიფო მედია ავრცელებს 6 მარტს. ამ დრომდე ხამენეის მომხდართან მიმართებით არ გამოუყენებია სიტყვა "მოწამვლა".

გასულ შაბათ-კვირას მშობლებმა კვლავ გამართეს აქციები. ირანის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ღოლამჰოსეინ მოჰსენი-ეჯეი 6 მარტს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მათ, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, "მკაცრი სასჯელი" ელის და რომ ისინი, ვინც "ტყუილებს და ჭორებს" ავრცელებენ, გამოძახებულ უნდა იქნენ.

XS
SM
MD
LG