Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ბახმუტს მოაქვს ყველაზე დიდი შედეგი


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2023 წლის 6 მარტი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2023 წლის 6 მარტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ომში ბახმუტმა მოიტანა და მოაქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შედეგი. დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ყველაზე ცხელ წერტილად რჩება.

უკრაინელებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ ზალუჟნის და სახმელეთო ძალების სარდალს, გენერალ სირსკის პირდაპირ ჰკითხა, უნდა დატოვონ თუ არა ქალაქი ბახმუტი და ორივემ უპასუხა, რომ არ უნდა დატოვონ და უნდა გაძლიერდნენ. ზელენსკის ინფორმაციით, ამ პოზიციას ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს მთავარსარდალთან არსებულმა საბჭომ.

საბჭოს სხდომა 6 მარტს გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა არმიის სარდლობას დაავალა, გამოძებნოს შესაბამისი ძალები ბახმუტის დამცველთა დასახმარებლად. ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში არ არსებობს ტერიტორიის თუნდაც პატარა ნაწილი, რომელიც შეგიძლია დათმო.

6 მარტს, გერმანულმა გამოცემა Bild-მა უკრაინის ხელისუფლებაში თავის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბახმუტის გამო უთანხმოებაა პრეზიდენტ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ზალუჟნის შორის. გამოცემის თანახმად, გენერალ ზალუჟნის ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა რეკომენდაცია, რომ ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ბახმუტი დაეტოვებინათ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ძალიან დიდი დანაკარგი აქვს, დიდია უკრაინის დანაკარგიც.

6 მარტს, ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს ნატოს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის მონაცემებით, ბახმუტში რუსეთმა უკრაინაზე ხუთჯერ მეტი სამხედრო დაკარგა.

რუსეთი 2022 წლის ზაფხულიდან ცდილობს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას და ამ მიზნით, რეგულარული არმიის ქვედანაყოფებთან ერთად იყენებს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს".

XS
SM
MD
LG