Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელ პარამედიკოს იულია პაევსკაიას ("ტაირას") აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრემია მიენიჭა


უკრაინელი პარამედიკოსი იულია პაევსკაია, რომელიც ტაირას მეტსახელითაა ცნობილი. კიევი, 2022 წ. 8 ივლისი.
უკრაინელი პარამედიკოსი იულია პაევსკაია, რომელიც ტაირას მეტსახელითაა ცნობილი. კიევი, 2022 წ. 8 ივლისი.

უკრაინელ მოხალისე პარამედიკოს იულია პაევსკაიას, რომელიც „ტაირას“ მეტსახელითაა ცნობილი, მიენიჭა პრემია International Women of Courage („მსოფლიოს მამაცი ქალები“), რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გასცემს.

„ის სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენდა ღირსების რევოლუციის მონაწილეებს 2013 წელს, ხოლო როგორც მოხალისე პარამედიკოსთა ქვედანაყოფის, ‘ტაირას ანგელოზების’ ხელმძღვანელი ტაქტიკურ სამედიცინო მომზადებას ატარებდა დონბასში 2014-2018 წლებში. პაევსკაია განსაკუთრებით ცნობილია თავისი მუშაობით იმ ვიდეომასალების მალულად გადაღებასა და გამოტანაში, რომლებზეც ასახულია რუსეთის სამხედროთა სიმხეცე მარიუპოლში“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უკანასკნელი რვა წელი პაევსკაია პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენდა უკრაინელ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს დონბასში და ისინი საავადმყოფოებში გადაჰყავდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პაევსკაია ალყაშემორტყმულ მარიუპოლში მუშაობდა და დაჭრილებს ეხმარებოდა. ომის პირველ კვირებში მან მკერდზე დამაგრებული კამერით გადაიღო ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენების კადრები და ჩანაწერები Associated Press-ის ჟურნალისტებს გადასცა.

იულია პაევსკაია 2022 წლის 15 მარტს დააკავეს ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედროებმა, როცა ის თავის მძღოლთან ერთად ცდილობდა, ბავშვები და ქალები გაეყვანა მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში. მან სამი თვე დაყო რუსეთის ტყვეობაში.

პაევსკაიას კიევში დაბრუნების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა 17 ივნისს, მაგრამ სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია. მეორე დღეს პარამედიკოსმა ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც ზელენსკის მადლობა გადაუხადა მისი გაცვლისთვის.

ტაირა ასევე შევიდა შარშანდელი წლის ასი ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში, რომელიც BBC-მ შეადგინა.

XS
SM
MD
LG