Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აგენტების" კანონპროექტის გამო ზუგდიდის საკრებულოში დაპირისპირება იყო


ზუგდიდის საკრებულოს სხდომა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, მაია კალანდიას სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების” დეპუტატებმა პლაკატები გამოფინეს, რომლებზეც, მათივე მტკიცებით, გამოსახული იყო შენობები, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებაში ყოფნისას „რუსებს მიჰყიდა”.

მმართველი გუნდის მიერ გამოფენილ მასალებს შორის იყო ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები. ამ თემაზე სიტყვიერი დაპირისპირებისას მაია კალანდიამ „ქართული ოცნების” წარმომადგენელ ოთარ ქადარიას წყალი შეასხა.

პლაკატების გამოფენამდე მაია კალანდიამ განაცხადა, რომ სამარცხვინოა, როცა „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის განხილვის პარალელურად, ზუგდიდის საკრებულოში სწორედ ამერიკელების ნაჩუქარი 507 ათასი ლარის ღირებულების სამი მიკროავტობუსის სოცსამსახურისთვის გადაცემას ეყრება კენჭი”. სიტუაციის განმუხტვას დაცვის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები ცდილობდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. მათ რეგიონის თვითმმართველობების თანამდებობების პირებს, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებს და წევრებს მიმართეს, რომ თავად „კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს” და მათაც მოუწოდებენ, ხმა აიმაღლონ „რუსული, ანტიქართული კანონის წინააღმდეგ”.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის, არჩილ თოდუას თქმით, განცხადებას ხელს აწერს რეგიონში მომუშავე 50-მდე ორგანიზაცია.

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტები პარლამენტში პირველი მოსმენით განსახილველად მზად იყო, თუმცა "ქართული ოცნების" განცხადებით, მათი განხილვა 9 მარტის პლენარულ სხდომაზე იგეგმებოდა.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

XS
SM
MD
LG