Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებას


აქციაზე დაშავებული მოქალაქე
აქციაზე დაშავებული მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტრო მესამე განცხადებას ავრცელებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის შესახებ.

უწყების განცხადებით, აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი:

"პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა სცადეს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირება, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ამასთანავე, შეკრებილების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს, მათ შორის სამართალდამცველთა მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლას. აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი, დაზიანდა საპოლიციო ტექნიკა და აღჭურვილობა".

შსს აცხადებს, რომ პოლიციამ მისთვის კანონით მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებს სავარაუდოდ, ე.წ. "წიწაკის სპრეისაც".

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. მათ სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას.

სამართალდამცავები და სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდნენ.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს სესიაზე ხუთშაბათს, 9 მარტს, გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი დღესვე განეხილათ.

XS
SM
MD
LG