Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის განცხადებით, „აგენტების" კანონპროექტის მიღება შეამცირებს ე.წ. პოლარიზაციას


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

„უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტი კიდევ ერთხელ შეაფასა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აქცენტი გააკეთა „ეკლესიის მაგინებლებზე".

„საზოგადოებისთვის საინტერესოა ვის მიერ ფინანსდებიან, რა დაფინანსებით მოქმედებენ შესაბამისი ორგანიზაციები, ეკლესიის მაგინებლები, მთავრობის გადადგომის მომთხოვნი სუბიექტები და ა.შ. როდესაც იქნება უზრუნველყოფილი ამ ყველაფრის გამჭვირვალობა, მაშინვე ამას ექნება, ბუნებრივია, პრევენციული ეფექტი. ელემენტარულად, მოხდება უარის თქმა თუნდაც დაფინანსებაზე ისეთი ორგანიზაციების, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს და ეკლესიის ინტერესებს და ყველაფერ იმას, რასთანაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის იდენტობა", - თქვა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის აზრით, კანონის მიღება საქართველოში პოლარიზაციას შეამცირებს.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც შეამცირებს რადიკალიზმს და ე.წ. პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში. ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების სტაბილურ განვითარებას და არავის მისცემს მშვიდობის დარღვევის საშუალებას", - აღნიშნა მან.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეები ხელებაწეული დგანან წყლის ჭავლის მანქანების წინ.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს, სავარაუდოდ, ე.წ. "წიწაკის სპრეისაც".

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. მათ სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას.

სამართალდამცავები და სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდნენ.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

მმართველი პარტია თავდაპირველად აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს სესიაზე ხუთშაბათს, 9 მარტს, გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი დღესვე განეხილათ.

პარალელურად პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

XS
SM
MD
LG