უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ყურადღებით ადევნებს თვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს“ - საპროტესტო აქციებს, რომლებიც გამოიწვია ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის“ პირველი მოსმენით მიღებამ, - განაცხადა 8 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა.
„როგორც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა სახელმწიფომ, საქართველომ თანმიმდევრულად უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებამ „მხედველობაში მიიღო“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განზრახვა ვეტო დაადოს კანონს და მის მიერ ევროკავშირის პოზიციის მხარდაჭერა. ევროკავშირის პოზიციის მიხედვითაც, კანონპროექტი მოქმედი ვერსიით ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს მის მისწრაფებაში გააგრძელოს საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობა“, - დასძინა სამინისტრომ.
7 მარტს თბილისში გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების წინააღმდეგ.
დაწერეთ კომენტარი