Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ დღესაც იყენებს წყლის ჭავლს - გამოჩნდა სპეცრაზმიც


სპეცდანიშნულების რაზმი კანცელარიის შენობიდან პარლამენტისკენ მიდის - 8 მარტი, 2023 წელი
სპეცდანიშნულების რაზმი კანცელარიის შენობიდან პარლამენტისკენ მიდის - 8 მარტი, 2023 წელი

თბილისში, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, დაძაბულობაა - მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა დროებითი ჯებირები აიღეს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს დილას აღმართეს, პოლიციამ დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება მათ დასაშლელად. ისმის ასევე აფეთქებების ხმა, რასაც, სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზის ბალონები გამოსცემს.

დემონსტრანტების მხრიდან ისმის გინება, ჩაამსხვრიეს პარლამენტის რამდენიმე ფანჯარა.

დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტის შენობის უკანა მხარეს მას შემდეგ ავიდა, რაც გიორგი ვაშაძემ, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, მოუწოდა საზოგადოებას, ალყაში მოექციათ საკანონმდებლო ორგანო. მას შემდეგ კი, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, მათთან მივიდა ვაშაძე და სთხოვა, თავი შეეკავებინათ ძალადობრივი ქმედებებისგან.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კანცელარიიდან პარლამენტის მიმართულებით მიემართება სპეცრაზმი.

პარლამენტთან აქციის პარალელურად განცხადებას ავრცელებს შსს-ც. სტანდარტულ ტექსტში ვკითხულობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები მობილიზებული არიან თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და აქციის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი."

პარლამენტთან გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანებიც და გაისმა გაფრთხილება, რომ აქცია დაიშალოს და ტერიტორიიდან გაიყვანონ ქალები, ბავშვები და მოხუცები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG