Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ეს არ არის საბოლოო გამარჯვება


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლა უკვე ოპოზიციური პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია მადლობას უხდის ახალგაზრდებს. ეს განცხადება შეეხება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევაზე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას.

"ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია!.. დადგა დრო, რომ ყველამ, პირველ რიგში კი საჯარო სექტორმა, გააკეთოს არჩევანი - ემსახურებით ერთ ადამიანს, თუ ემსახურებით ქვეყანას!.. საქართველო ევროპაა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აუცილებელია - ძალა კი უკვე მხოლოდ ერთობაშია!" - წერს გახარია ფეისბუკში.

დღეს დილით, 9 მარტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

"ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი", - წერია პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მმართველი პარტიის თანახმად, "ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად", საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ, "რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში".

განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს „კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების“ გამო, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული კონსულტაციის შედეგად.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • 7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა. შსს-ს თანახმად, რომელიც აცხადებს, რომ აქციების მონაწილეები გავიდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებიდან და ძალადობას მიმართეს, სულ დაკავებულია 133 პირი.
  • საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტზე უარისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

XS
SM
MD
LG