Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები ისევ ცდილობენ ბახმუტის ალყაში მოქცევას


უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მახლობლად. 2023 წლის 8 მარტი
უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მახლობლად. 2023 წლის 8 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ისევ ცდილობენ ალყაში მოაქციონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი და ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვთ შეტევებზე კიდევ ოთხი მიმართულებით.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ლიმანის, კუპიანსკის, ავდეევკის, შახტარსკის და ბახმუტის მიმართულებებით მოიგერიეს მოწინააღმდეგის 102 შეტევა.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, როგორც ჩანს, 9 მარტს, რუსეთის ჯარებმა წინ წაიწიეს ბახმუტიდან ჩრდილო-დასავლეთით, სადაც შეტევის ტემპი გაზარდეს.

ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, ქალაქ ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც 7 მარტს დაიკავა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა", დროებითი ტაქტიკური პაუზაა და ბახმუტის ცენტრისკენ შეტევის დაწყების მცდელობა ჯერჯერობით არ შეინიშნება.

  • რუსეთი 2022 წლის ზაფხულიდან ცდილობს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას და ამ მიზნით, რეგულარული არმიის ქვედანაყოფებთან ერთად იყენებს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს".
  • დასავლეთის დაზვერვის მონაცემებით, ბახმუტში ორივე მხარეს დიდი დანაკარგი აქვს, თუმცა, რუსეთის უკრაინულს ხუთჯერ აღემატება.
  • 6 მარტს, უკრაინის პრეზიდენტთან, უმაღლეს მთავარსარდალ ვოლოდიმირ ზელენსკისთან არსებულმა სათათბირო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბახმუტის დაცვა უნდა გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG